პროკურატურა: მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის კვლები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

„შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 04 მარტს,  მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გააკეთა განცხადება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრისაგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადების ირგვლივ, 2019 წლის 06 მარტს,  თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა, რა დროსაც მან გამოძიებას მხოლოდ ზემოხსენებული წერილის ასლი წარუდგინა, ვინაიდან ხაზარაძის განცხადებით, დედანი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, დიდ ბრიტანეთში იყო გაგზავნილი.

წერილის დედანი საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოგვიანებით, 2019 წლის 21 ოქტომბერს, ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მასალებთან ერთად გადაეცა. გამოძიების მსვლელობისას სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ჩატარდა შემხვედრი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, რა დროსაც მოხდა წარმოდგენილ წერილზე არსებული თითის ანაბეჭდის კვლების და მათი ვარგისიანობის იდენტიფიცირება, ასევე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს” და ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შედარება, რაც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრისაგან მოხდა დაქტილოსკოპიური კვლევისათვის საჭირო საკონტროლო ნიმუშების აღება, რომლებიც წერილზე იდენტიფიცირებულ თითის კვლების ნიმუშებს შედარდა.

სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის კვლები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. გვსურს საზოგადოებას დამატებით ვაცნობოთ, რომ წერილზე თითის კვლების დამტოვებელი პირის იდენტიფიცირების და მამუკა ხაზარაძის და  ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Facebook Comments

ახალი დადებული