პროკურატურა: ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი არ დაუმძიმდა

პროკურატურაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა.

გამოძიების პროცესში ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუზუსტდა.

„ეს არ არის ბრალის დამძიმება, მოხდა დაზუსტება“,- აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა.

„საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა PHR-ის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა. გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.

ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას“,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სპორტსმენი 24 მაისს 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

Facebook Comments

ახალი დადებული