ლუკაშენკო: არეულობების კოორდინატორები უცხოეთში – ვარშავასა და ვილნიუსში არიან

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე არეულობების კოორდინატორები უცხოეთში იმყოფებიან და დემონსტრანტებს უცხოეთიდან ფინანსურ დახმარებას უწევენ. ამის შესახებ მან ქალაქ გროდნოში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„კოორდინატორები თქვენი თანამემამულეები არ არიან. ისინი ვარშავასა და ვილნიუსში იმყოფებიან. თქვენც კარგად ხედავთ, სად გაიქცნენ ე.წ. ალტერნატიული ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ ხომ ბელარუსში არავინ დევნიდა და ავიწროებდა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ხელისუფლება იძულებულია, ქალაქების ქუჩებში წესრიგის დასაცავად სამხედროები გამოიყვანოს.

„სამხედროები და სპეცრაზმი ახლა საზღვრებს უნდა იცავდნენ, ჩვენ კი იძულებულები ვართ, ისინი ქალაქებში ვამყოფოთ, რათა ქვეყანაში წესრიგი იყოს დაცული. ნუთუ ეს ნორმალურია?“ – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას, ერთ კვირაზე მეტია, ითხოვენ.

Facebook Comments

ახალი დადებული