საიდუმლო ორგანიზაცია შემპირდა, რომ მირიან ნიკოლაძეს განაჩენი გამოუტანეს და მის ლიკვიდაციას მოახდენენ

წუხელ 3:00-დან 4:00 სთ-მდე მე მქონდა კომუნიკაცია ერთ პიროვნებასთან, რომელიც მოვიდა ნიღბით და მთლიანი ეკიპირებით, ის არის ორგანიზაცია „თეთრი ისარის “ წარმომადგენელი. რუსეთიდან გადმოიღეს, ვიკიპედიაშიცაა და ფილმიც არის მაგაზე გადაღებული. ოღონდ საქართველოში სხვა სახელი ქვია – „ინკვიზიტორები“,-ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამამ ტვ-პირველის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული დაჯგუფების წევრებმა იციან, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ხოლო გიორგი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს კი, განაჩენი გამოუტანეს, რაც სავარაუდოდ, მის ფიზიკურ ლიკვიდიაციას გულისხმობს. 

„ გამოიკვლიეს, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა, ისიც იციან, რომ საქმე მორჩება არასამართლიანად. მე შემპირდნენ, შენ გაჩერდიო. ჩემს სიტყვებს არ ვამბობ, იმათ სიტყვებს ვამბობ- მირიან ნიკოლაძეს გამოუტანეს განაჩენი. ოღონდ ამ საქმის გამო არა. მირიან ნიკოლაძემ 2-3 კვირის წინ გაათავისუფლა ქალბატონი ნარკობარიგა და ამის გამო.  მე არ მინდა ვიცოდე, რა სახის განაჩენია, არც მიკითხავს“,-განაცხადა ხომასურიძემ.

მისივე თქმით, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები მასთან კონტაქტზე თავად გავიდნენ. 

„პროკურატურას აქედან ვეუბნები, ნუ დამიბარებენ ამ საკითხზე, რაც ახლა ვთქვი, იმაზე მეტი არ ვიცი არაფერი. თუ დამიბარებენ, არ მივალ იმიტომ, რომ არ ვენდობი პროკურატურას“,-აცხადებს ბრალდებულის მამა.

მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ფიზიკურად უსწორდება და ლიკვიდაციას ახდენს იმ ადამიანების, ვისაც სამართალდამცველები იმაზე ნაკლებ სასჯელს უსჯიან, ვიდრე ეკუთვნით.

„მაგალითად თუ დაიჭირეს პედოფილი და მიუსაჯეს „უსლოვნი“, ეს ორგანიზაცია მის ფიზიკურ ლიკვიდაციას ახდენს. ასეთივე განაჩენი აქვს გამოტანილი მირიან ნიკოლაძეს. თან ისე გააკეთებენ, რომ ვერავინ ვერ დაუმტკიცებს. ეს უბრალო ბიჭები არ არიან, ყოფილი სპეცრაზმელები და ყოფილი მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ხალხია. იარაღებიც აქვთ „ჰეკლერ კოხი“. მე ამის თქმის უფლება მომცეს, დანარჩენი არაფერი არ ვიცი. მე არავის არ ვემუქრები, მაგრამ მირიან ნიკოლაძეს უკვე გამოტანილი აქვს სასჯელი, ვსო!“,-განაცხადა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, საუბარია თუ არა ფიზიკურ ლიკვიდაციაზე, ხომასურიძემ განაცხადა, რომ ალბათ ასეა, რადგან ეს ორგანიზაცია რუსეთში სწორედ ასე იქცევა.

„რუსეთში ექვსმა კაცმა დააჩოქა მთელი ქვეყანა და ესენი უკვე 35-ნი არიან, თანდათან ემატებათ ხალხი. ისეთ ადამიანებს უკეთებენ ლიკვიდაციას, ვინც კეთილსინდისიერმა პოლიციელებმა დაიჭირეს, მაგრამ მერე სასამართლომ გარეთ გამოუშვა. სხვა გზა არ არის საქართველოში, ერთს უნდა გაუხვრიტონ შუბლი და სხვა აღარ გააკეთებს. ისინი პოლიციას ეხმარებიან“,-აცხადებს ზ.ხ-ს მამა.

მისი თქმით, შაქარაშვილის საქმის მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ტელეფონი „მთავარმა არხმა“ ამ ორგანიზაციის წევრების დახმარებით მოიპოვა. ხომასურიძის თქმით, ისინი ამირხანაშვილსაც ემუქრებიან, თუმცა თქვეს, რომ ჯერ „დააკვირდებიან, იქნებ კაცურად მოიქცეს“.

„იქ არიან ავღანელებიც, ყოფილი და მოქმედი სპეცრაზმელები. სუს-ელებიც მე ჯერჯერობით არ მიღებენ ორგანიზაციაში, მაგრამ ყველანაირად დავეხმარები. როგორც კი დასჯიან მირიან ნიკოლაძეს, ტელეფონიდან დაწყებული, ფარული ჩანაწერებით დამთავრებული, ყველაფერს გაასაჯაროებენ. მე მოვითხოვ, რომ ამირხანაშვილს დაუყენონ დაცვა, მირიანი არ მეცოდება, მაგრამ ამირხანაშვილი მეცოდება, პატარა ბიჭია მაინც“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments

ახალი დადებული