მინსკში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. გავრცელებული ინფორმაციით, აქცია არასანქცირებულია.

დემონსტრანტები თავდაპირველად მინსკის ცენტრში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა მთავრობის სახლის მიმართულებით მოაწყეს.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მდებარე დამოუკიდებლობის მოედანი სავსეა მომიტინგეებით. ასევე, ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს დამოუკიდებლობის გამზირის მიმდებარე ქუჩებიც.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ მომიტინგეები გააფრთხილა, რომ სამამულო ომის მემორიალებისა და ძეგლების დაზიანებას არ დაუშვებენ და ამ ადგილებში წესრიგის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს საქმე ექნებათ „არა პოლიციასთან, არამედ ჯართან“.

თავდაცვის სამინისტრომ ომის მემორიალებთან და მუზეუმებთან ჯარისკაცებიც განალაგა.

ტელეარხი Belsat-ი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქციას ათობით ათასი დემონსტრანტი შეუერთდა. მშვიდობიან აქციაზე მომიტინგეები სკანდირებენ: „თავისუფლება!“, „დღეგრძელობა ბელარუსს“, „შინაგან საქმეთა მინისტრი ციხეში“, „ჩვენ არ დავივიწყებთ, ჩვენ არ ვაპატიებთ“ და სხვა.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო ტალღა 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რადგან საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ის გაყალბდა.

Facebook Comments

ახალი დადებული