პოლიციამ 2 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ლ.ლ. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად, 5 მცირეწლოვანს უვლიდა. ლ.ლ. ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ძიძებმა – შ.დ.-მ და ი.ბ.-მ სამართალდამცველებს მიაწოდეს.

უწყების ცნობით, პოლიციის მყისიერი რეაგირების შედეგად, ლ.ლ.-ს დაკავება დაუყოვნებლივ განხორციელდა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Facebook Comments

ახალი დადებული