კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 5 იმპორტირებულია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 5 იმპორტირებული შემთხვევაა, რომელთაგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

მისივე თქმით, ერთი ინფიცირებულის კონტაქტების მოძიება, წყაროს დადგენის მიზნით, კვლავ გრძელდება.

„დაგვემატა მხოლოდ 10 დადასტურებული შემთხვევა და გახდა 1421 შემთხვევა. ეს 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი კონფიგურაციით არის: 2 პაციენტის წყარო არის ლენჯერი, 2 პაციენტის წყარო არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 5 არის იმპორტირებული შემთხვევა და მათ შორის, ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით. დაგვემატა მხოლოდ 5 გამოჯანმრთელებული და გახდა 1137. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი, დღევანდელი მონაცემებით, არის 80%, ხოლო ლეტალობა არის 1,20%,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, დღევანდელი დღის მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობას 267 პაციენტი განაგრძობს, მათგან 5 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული. ეზუგბაიას განცხადებით, ისინი მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიან.

„ამ მონაცემების შეჯერებით, დღევანდელ დღეს, კოვიდცენტრებში მკურნალობს 267 დადასტურებული პაციენტი. ამ 267 დადასტურებული პაციენტიდან 5 კვლავ კრიტიკულად მძიმეა, 24 კი მძიმე პაციენტია და ისინი განაგრძობენ მკურნალობას კოვიდცენტრების რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმეტესად საშუალო სიმძიმის არის და შედარებით ნაკლები რაოდენობით არიან მსუბუქი სიმძიმის პაციენტები.

რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, გუშინ გვყავდა 27 დადასტურებული შემთხვევა, არ გამოჯანმრთელებულა არც ერთი და არც ახალი პაციენტები შემოსულან ჩვენს ცენტრში და კვლავ რჩება 27 დადასტურებული შემთხვევა. გვყავს 1 კრიტიკულად მძიმე და 2 მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო და საშუალოზე მსუბუქი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული