ახალი წესით ჩვენ პრევენცია უნდა მოვახდინოთ, რომ ჩვილი არ გახდეს სექსუალური ძალადობის და წამების მსხვერპლი

სუროგაციის შესახებ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი აღნიშნულ რეგულაციას ქალების ჩაგვრის კიდევ ერთ გამოვლინებად აფასებს.

ახალი კანონით, წყვილს სუროგაციით ბავშვის გაჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ისინი 1 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეს ფაქტი ნოტარიუსთან შესაბამისი დოკუმენტით იქნება დადასტურებული.

თეა წულუკიანის ბრძანება 1 სექტემბერს ამოქმედდება. 

წულუკიანმა კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს ხელოვნური განაყოფიერების პროცესში, ახალი კანონი კი, სუროგიაციას ეხება და ჩვილების დანაშაულებრივი ვაჭრობის წინააღმდეგ არის მიმართული. 

„არავითარი ახალი წესი ხელოვნური განაყოფიერების პროცესში არ შემოდის, ახალი წესი ის არის, რომ ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ჩვილით ვაჭრობის დანაშაული და ტრანსნაციონალური პრევენცია მოვახდინოთ, რომ საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვი არ გახდეს სექსუალური ექსპლუატაციის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რათა ავიცილოთ ფიქტიური წყვილები, რომლებიც დანაშაულებრივი მიზნებისთვის საქართველოში, სუროგაციით ქმნიან ბავშვებს და ქვეყნიდან გაყავთ. ამიტომაც ჩვენ მოვითხოვთ, რომ ნოტარიუსთან მისული უცხოელი, შერეული ან ქართველი წყვილი ერთი წელი მაინც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ერთად“,-აცხადებს თეა წულუკიანი.  

Facebook Comments

ახალი დადებული