გიორგი ვაშაძე/თამარ ჩარკვიანის საარჩევნო სუბიექტმა ვერ შეძლო ოპოზიციური პარტიების უმრავლესობასთან შეთანხმება

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის კანდიდატურის დაყენებას „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ბერძენიშვილის თქმით, გიორგი ვაშაძე/თამარ ჩარკვიანის საარჩევნო სუბიექტმა ვერ შეძლო ოპოზიციური პარტიების უმრავლესობასთან შეთანხმება.

„თბილისის 6 ოლქში არიან ოპოზიციის შეთანხმებული( რეალურად, ლიდერი) კანდიდატები. საბურთალოზე თ. ჩარკვიანის კანდიდატობამ შეუძლებელი გახადა საერთოოპოზიციურ კანდიდატზე შეთანხმება. ამიტომ, შეთანხმების მონაწილე პარტიების ნაწილი( ევსაქები, ლეიბები და სხვა) ისანში გიორგი ვაშაძეს დაუჭერენ კვლავ მხარს, საბურთალოზე კი ამავე სუბიექტის კანდიდატის – თამარ ჩარკვიანის წინააღმდეგ მხარს ირაკლი ოქრუაშვილს უჭერენ.

ასეთ ვითარებაში ნაცმოძრაობა სრულიად თავისუფალი იყო, მიეღო მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება.
საბურთალოზე არ დააყენეს კანდიდატი( ისედაც გაჯერებულია კონკურენტუნარიანი ოპოზიციური კანდიდატებით), ისანში კი დაასახელეს ხატია დეკანოიძის კანდიდატურა…

სწორადაც მოიქცნენ, რადგან ნამდვილად სახიფათო იყო( ამდენი ” გაუგებრობის” ფონზე) ძლიერი პარტიის ძლიერი კანდიდატის გარეშე ამ ოლქის დატოვება…

დიდუბეშიც ვერავინ უსაყვედურებდა ნაცებს, კანდიდატი რომ დაეყენებინათ. მაგრამ გადაწყვიტეს, შეთანხმებული ოპოზიციური კანდიდატის – ზურა გირჩი ჯაფარიძისთვის დაეჭირათ მხარი.

ამჟამად, 6 ოლქში ოპოზიციური პარტიების ( ოპოზიციური ელექტორატისაც) დიდი უმრავლესობა ერთი და იგივე კანდიდატებს ვუჭერთ მხარს. ორ ოლქში კი ოპოზიციური კონკურენციაა ისევე, როგორც თბილისს გარეთ ოლქებში.

ჯამში თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში იქნება კოორდინაცია/ კონსოლიდაცია, 24-ში კი კონკურენცია.

თითქმის ისაა, რაზეც ორ თვეზე მეტია, საჯაროდ ვსაუბრობ.

ნორმალურია.“,-წერს დავით ბერძენიშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული