პოლიციელის მიერ დაჭრილი აფროამერიკელის დედა: ნუ იყენებთ ჩემი შვილის ტრაგედიას არეულობისთვის

მივმართავ ყველას, ნუ იყენებთ ჩემი შვილის ტრაგედიას, ნუ ანადგურებთ საკუთრებას და ნუ აწყობთ არეულობას ჩემი შვილის სახელით,-ასე მიმართა აშშ-ში, ვისკონსინის მოსახლეობას პოლიციელის მიერ მძიმედ დაჭრილი ჯეიკობ ბლეიკის დედამ. 

ქალაქ კენოშაში პოლიციისა და აქციის მონაწილეების მორიგი შეტაკების შემდეგ ჯულია ჯეკსონმა და მისმა მეუღლემ, ჯეიკობ ბლეიკ უფროსმა, პროტესტანტებს მოუწოდეს შეწყვიტონ ნგრევა, სახლების დაწვა და პოლიციელებზე თავდასხმები.

„ყოველდღე ვლოცულობ პოლიციელებისთვის, ვისაც ჩემი შვილის სახელით თავს ესხმით, გთხოვთ, შეწყვიტოთ საკუთარი და სხვისი ქონების განადგურება და ნუ იყენებთ ჩემი შვილის სახელს“,-განაცხადა ბლეიკის დედამ.

CNN-თან ინტერვიუს დროს, ჟურნალისტმა წყვილს კითხა, ხომ არ სურდათ, პრეზიდენტ ტრამპისთვისაც მიემართათ. რაზეც ქალმა უპასუხა, დიახ, მივმართავ თქვენი ეთერით .

“მისტერ ტრამპ, უდიდეს პატივს გცემთ და მხარს გიჭერთ, ვწუხვარ, რომ თქვენს ზარს ვერ ვუპასუხე“,-განაცხადა ქალმა დონალდ ტრამპის მიმართ მტრულად განწყობილი ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან.

შეგახსენებთ, აშშ-ში არეულობაში გადაზრდილი ანტირასისტული აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც გავრცელდა კადრები, როგორ ესვრის პოლიციელი შავკანიან ახალგაზრდა მამაკაცს, ჯეიკობ ბლეიკს. ინციდენტი 23 აგვისტოს მოხდა. პოლიციაში ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ჯერჯერობით უცნობია, რა იყო ძალადობის მიზეზი. კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველები ჯეიკობს მანქანასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ, ელექტროშოკსაც იყენებენ, მაგრამ წაქცეული მამაკაცი ისევ დგება და ცდილობს ჩაჯდეს მანქანაში. ისმის ქალის კივილი. ერთ-ერთი პოლიციელი კი, ჯეიკობს ზურგში 7-ჯერ ესვრის. თვითმხილველების თქმით, იმ მომენტში მანქანაში ბლეიკის 3 შვილი იჯდა.  ამჟამად ჯეიკობ ბლეიკი საავადმყოფოშია და გავრცელებული ინფორმაციით, წელს ქვემოთ არის პარალიზებული. პოლიციელი, რომელმაც ბლეიკს ესროლა, დროებით ჩამოშორებულია თავის მოვალეობას, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.

ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ შემთხვევის ადგილზე აქცია გაიმართა, რომელიც არეულობაში გადაიზარდა. მეორე დღეს 100-მდე მომიტინგემ პოლიციის შენობასთან შეკრებილ სამართალდამცველებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. ისინი წვავდნენ მანქანებს, ამტვრევდნენ ოფისების შუშებს, წვავდნენ შენობებს.

ბლეიკის მხარდასაჭერად გამოდიან დემოკრატი პოლიტიკოსები, სენატორები, პროკურორები, ასევე შოუბიზნესის ვარსკვლავები, 50 Cent, Beyonce, Cardi B, Nas და სხვები. ერთ-ერთ სახალხო პროტესტს სათავეში უდგანან NBA -ს კალათბურთელები ლებრონ ჯეიმსის მეთაურობით. მათ რამდენიმე მატჩს ბოიკოტი გამოუცხადეს და კლუბების მხარდაჭერა მიიღეს.  ორდღიანი არეულობის შემდეგ ქალაქის მერმა ქუჩებში ეროვნული გვარდია გამოიყვანა.

მოსახლეობამ პოლიციელების დასახმარებლად რაზმი შექმნა, მოხალისეები საკუთარი იარაღით პატრულირებდნენ და მათი საკუთრების განადგურების საშუალებას არ აძლევდნენ, ერთ-ერთი შეტაკების დროს, შეიარაღებულმა არასრულწლოვანმა პროტესტის 2 მონაწილე მოკლა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

<