დეზინფორმაცია, ყალბი ახალი ამბები – კერძო სექტორის წარმომადგენელთა თვალსაზრისი

სექტორი-3 ჰაბიგანვითარებისთვის აგრძელებს პოდკასტების ციკლს დეზინფორმაციის საფრთხის, სოციალურ მედიაში ყალბი ახალი ამბების გავრცელების შეკავების შესაძლებლობების შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში სექტორ-3-ის მკვლევარი, სოციალური მედიის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობისა და სწავლის გამოცდილება.

დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ისინი „ფეიქ-ნიუსების“ პრობლემას აწყდებიან თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში, ისევე როგორც სოციალურ ურთიერთობებში. ხაზი გაესვა იმ თავისებურებებს, რაც ახასიათებს აშშ-ს, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, სპარსეთის ყურის ქვეყნების თუ საქართველოს სოციალურ სივრცეს და სამართლებრივ სფეროს. 

Citibank -ის გლობალური ქცევის რისკების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტ,ა (აშშ) ქეთი ივერმა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის Cushman & Wakefield-ის დიზაინერმა ( ესპანეთი) თამუნა მეტრეველმა ისაუბრეს კოვიდ-19- თან დაკავშირებული ფეიკ ნიუსების გავრცელების  შემთხვევებზე აშშს-სა და ესპანეთში. აღინიშნა, რომ  „ფეიკ ნიუსები აქტუალურია არა მარტო სოციალური ურთიერთობების სფეროში, არამედ ხელისშემშლელია პროფესიულ საქმიანობაშიც, იქნება ეს საინვესტიციო საქმე თუ საერთაშორისო ურთიერთობები.

საკალათბურთო კლუბ „ოლიმპის“ ვიცე-პრეზიდენტმა, Coventry University-ს კურსდამთავრებულმა ( დიდი ბრიტანეთი) ნუგო აბულაძემ ისაუბრა სპორტის სფეროში გავრცელებული ფეიკ ნიუსების შესახებ, რომელთა მიზანი ხშირ შემთხვევაში, პროდუქტის უკეთ გაყიდვა და ეკონომიკური სარგებლის მიღებაა.  

 დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს რუსეთიდან გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის წარმოადგენს საფრთხეს.

საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარის, Doha Institute for Graduate Studies კურსდამთავრებულის რატი კვანტალიანის (ყატარი) აზრით, საქართველო, ამ მხრივ, განსაკუთრებული რისკის ზონაშია.

„რუსეთი საქართველოს მიმართ აქტიურია არა მარტო რბილი ძალის, არამედ ხისტი ძალის გამოყენებაშიც“. შესაბამისად,  საქართველოს საზოგადოებას სჭირდება სერიოზული ძალისხმევა ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კრიტიკული ანალიზის უნარების გამომუშავებას, მედიაწიგნიერებას.

ციფრული სააგენტო „რედბერის“ მმართველმა პარტნიორმა, ლევან კეცხოველმა (საქართველო).აღნიშნა, რომ ინტერნეტის, სოციალური მედიის რეგულირება ძალიან სახიფათოა ისეთი მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. „ამიტომ  ამ ეტაპზე, ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო მეტად სჭირდება ბევრი ახსნა-განმარტება, ბევრი სწავლება, ინფორმაციის მიწოდება. არ უნდა დაგვეზაროს, როდესაც ვხედავთ კომენტარს, რომელიც აზიანებს, აბინძურებს გარემოს, ვუპასუხოთ, არ უნდა დაგვეზაროს ჩვენი აზრის დაფიქსირება და მეტად პროაქტიურები უნდა ვიყოთ  ამ პრობლემის გადაჭრაში“,-განაცხადა მან.

შეჯამებისას ნინი შენგელიამ ხაზი გაუსვა, რომ „მსგავსი ტიპის დისკუსია არის ძალიან ღირებული ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის. ამ პროცესში ყველანაირი ჯგუფი უნდა ჩაერთოს. „მედიაწიგნიერება ესაჭიროება არა მხოლოდ მოზარდებს, არამედ ის არის აუცილებელი 21-ე საუკუნის ციფრული მოქალაქეებისთვის“,-განაცხადა მან.

Facebook Comments

ახალი დადებული