თამარ ბაჩალიაშვილის დედის ვერსიით, მისი შვილის სიკვდილი ყარაბაღის ომს უკავშირდება

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ მისმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. 

პლაკატზე, რომლითაც თეონა თამაზაშვილი დღეს პროკურატურასთან მივიდა, ეწერა,  რომ სამი მაღალჩინოსანი სომხეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ იარაღით ამარაგებდა.

ბაჩალიაშვილი აზერბაიჯანის და თურქეთის ხელისუფლებებს მიმართავს და საკითხით დაინტერესებას სთხოვს.

„მე დამიკავშირდნენ, არ დავასახელებ არც წყაროს და არც იმას, თუ რა ფორმით დამიკავშირდნენ, ჩემმა მეუღლემ და შვილმაც არ იცოდნენ ამის შესახებ, სახლიდან გამოსვლამდე ბოლო წუთებში დამიკავშირდნენ და მე დავწერე  პლაკატზე. ისე წამოვედი, რომ ამათ გავუფრთხილდი, რომ არ სცოდნოდათ, ეს არ არის მარტო ეჭვის დონეზე. მე მივმართავ აზერბაიჯანს და თურქეთს, რომ დაეხმარონ ამათ, გამოაჩინონ ის სამი მაღალჩინოსანი, ხელს რომ აფარებენ. თქვან, რა სახის ფაილებზე იყო საუბარი. მე თეთრიწყაროს გამომძიებლების პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენე იმ ფლეშკებთან დაკავშირებით, რომლებიც ერთი დაიკარგა და მეორე არასწორად იქნა ამოღებული. არავითარი რეაქცია არა აქვთ და ესე იგი, გაფრთხილებული ყავთ, რომ ასე მოქცეულიყვნენ“,-განაცხადა თამაზაშვილმა.

​მისივე თქმით, სექტემბრიდან მასშტაბურ აქციებს ჩაუდგება სათავეში.

„ველოდები ხალხის შემოსვლას და აქამდე თუ გაპოლიტიკურებისგან ვიკავებდი თავს, ახლა არაფერზე აღარ შევიკავებ თავს. ჩემი მტრის მტერი ჩემი მოყვარე გახდება და ჩემს გვერდზე იქნება“,-განაცხადა მან. 

თეონა თამაზაშვილს ეჭვი აქვს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის უახლოესმა მეგობარმა დეა კაპანაძემ ამის შესახებ იცის და სწორედ მან გაიტყუა თამარი სახლიდან. მისი თქმით, დეა თამარის ოჯახთან კონტაქტზე არ გამოდის, რაც გარკვეულ ეჭვს აღძრავს.

Facebook Comments

ახალი დადებული