“სითი მედიქალში” 77 წლის პაციენტის ოჯახი მედპერსონალს ქალის ცემაში ადანაშაულებს

კლინიკა “სითი მედიქალში“ პოლიციაა მობილიზებული. სამედიცინო დაწესებულებაში, სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედებები იწყება. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

ერთ-ერთი პაციენტი მედპერსონალს მძიემე ბრალდებებს უყენებს – 77 წლის ქალი აცხადებს, რომ მასზე რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმმა და ექთნებმა იძალადეს. პაციენტის ოჯახი ირწმუნება, რომ ქალს სხეულზე დაზიანების კვალი აქვს და კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვენ.

სამართალდამცველებს გამოკითხვაზე პაციენტის შვილი ჰყავთ გადაყვანილი.

კლინიკის დირექტორი ნიკა მეფეთაშვილი აცხადებს, რომ თუ ოჯახის პრეტენზია სამართლიანია, პასუხისმგებლობას მედპერსონალი ვერ გაექცევა.

“ოჯახის წევრებს აქვთ პრეტენზია, რომ მას ვერ მივხედეთ. საუბარია, რომ პაციენტი იცემა. პირდაპირ ვამბობ, ეს თუ ასე მოხდა, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ. მზად ვართ, ინფორმაცია მივაწოდოთ ყველას,”- განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

ოჯახის წევრების განცხადებით 77 წლის ქალის ცემის ფაქტს სხვა პაციენტებიც ადასტურებენ.

მათი თქმით, პაციენტს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, ასევე, ოჯახის წევრების მტკიცებით, პაციენტს გატეხილი აქვს ტელეფონი, რათა ოჯახის წევრებისთვის არ დაერეკა.

“მამაჩემმა რომ ნახა დედაჩემი, მან უთხრა, რომ ღამე მორიგე ექიმმა მცემაო. ვერ დავიჯერეთ, როგორ შეიძლება, რეანიმაციული განყოფილების პაციენტს სცემო?!  რომ არ მენახა, ვერ დავიჯერებდი, არაფერი ეტყობოდა, დღეს კი ხელებზე სულ სილურჯეები აქვს, ეტყობა, აკავებდა ორი ადამიანი.

ტელეფონი გატეხილი აქვს, ეტყობა გაუტეხეს, რომ ჩვენთვის არ დაერეკა და ღამის პერანგი აქვს შემოხეული,”- განაცხადა პაციენტის შვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული