კელი დეგნანი – თითოეული პარტიის და მოქალაქის ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას

საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ თითოეული პარტიის და მოქალაქის ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.

როგორც მან ჟურნალიტებს განუცხადა, მმართველ პარტიას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალე, სამართლიანი გზით და შესაბამისად, მმართველი პარტიის მხრიდან ეს მესიჯი სწორია. მისივე თქმით, ასევე, პასუხისმგებლობა აქვს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში.

ელჩის განცხადებით, წინა პერიოდში რუსეთის მიერ განხორციელებული მოქმედებებიდან ჩანს, რომ ქვეყნები და საარჩევნო სისტემები არაა დაცული მათი ჩარევისგან.

„იგივე, რაც ვიხილეთ აშშ-ში რამდენიმე წლის წინ. შესაბამისად, ქვეყანამ, მისმა მოსახლეობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი საარჩევნო სისტემის მათი გავლენისგან დასაცავად. ჩვენ, აშშ და საქართველოს სხვა პარტნიორები ვახორციელებთ ძალისხმევას და პროგრამებს, რაც მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება და მათ შეძლონ გაიგონ, რა არის არასწორი ინფორმაცია, ტყუილი და დეზინფორმაცია. იგივე მოვალეობა გააჩნიათ პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს, მათ ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მოსახლეობას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რათა ამომრჩეველი სრულად იყოს ინფორმირებული ოქტომბრის არჩევნებზე და შეძლონ, თავისუფალ გარემოში, დაშინების გარეშე მისცენ ხმა. მე იმედი მაქვს, ეს არჩევნები უკეთესი იქნება, ვიდრე წინა არჩევნები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

Facebook Comments

ახალი დადებული