მამუკა მდინარაძე: როგორც იქნა სააკაშვილმა უმძიმესი დანაშაულები აღიარა

როგორც იქნა, ამ კაცმა აღიარა უმძიმესი დანაშაულები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართველი ხალხისადმი ბოდიშის მოხდას და დაბრუნების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ამ ბოდიშით აღიარა ქვეყნის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. როგორც საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა აღნიშნა, სააკაშვილის სატელიტები და თანამზრახველები ამ აღიარების შემდეგაც ვერ ბედავენ, რომ სააკაშვილს პოლიტდევნილი არ უწოდონ.

„ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მაგალითად, „ნაცმოძრაობამ“ ცნობილი რეზოლუციის მხარდაჭერით ღალატი ჩაიდინა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალა. მიხეილ სააკაშვილმა ეს თავის ვიდეოკლიპში აღიარა. ასევე, მან აღიარა, რომ ამ ქვეყანაში მოჩვენებითი განვითარება მიდიოდა და შემდეგ აღმოაჩინა ხალხმა, რომ სიღარიბე თურმე მხოლოდ 34-დან 30 პროცენტამდე შემცირებულა. თურმე განვითარება ყოფილა ფასადური, თურმე ის რაღაც მშენებლობები ყოფილა ფასადური, რამდენიმე იმდენად გააპიარეს, რომ მოჩვენებითი წარმატების ილუზია შეუქმნეს მოსახლეობას. ადამიანის უფლებები იმდენად იყო „დაცული“, რომ როდესაც ოჯახის წევრები სამზარეულოში გადიოდნენ, ტელეფონებს მეორე ოთახში ტოვებდნენ, რომ რამე არ წამოსცდენოდათ, რისთვისაც მერე პასუხისგებაში მისცემდნენ ან აწამებდნენ. ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა აღიარა და უბრალოდ ამას უმძიმესი შეცდომები დაარქვა და არა – უმძიმესი დანაშაულები, რაც უფრო სწორი იქნებოდა.

გუშინ თანამზრახველები ამ უმძიმეს დანაშაულებში და დღეს მისი სატელიტები ვერ ბედავენ, რომ მას პოლიტდევნილი არ დაარქვან. ხომ, ვიცით, რომ ის იყო ბელადი და დანარჩენი, ვინც დღეს ოპოზიციაშია, მათი უდიდესი ნაწილი, დაკვეთის შემსრულებელი იყო. დღეს ისინი ვერ ბედავენ, რომ არათუ პასუხი აგონ ამ დანაშაულზე, არამედ მიხეილ სააკაშვილს პოლიტდევნილი არ უწოდონ;

რამდენიმე საქმის სტრასბურგში გასაჩივრებასაც ვერ ბედავენ. ვერ ბედავენ რეალური პასუხის გაცემას რატომ დაუჭირეს ისეთ მოცემულობას მხარ, სადაც ქართველ ჯარისკაცებს ბრალდებოდათ ომის დაწყება და შემდეგ ისტერიულად დასდევდნენ კორიდორებში ქართული ოცნების დეპუტატებს და ეკითხებოდნენ, ჟურნალისტები მათ შორის ვინ დაიწყო ომი. ასეთ პრიმიტიულ მოცემულობას იმიტომ, რომ ჩამოერეცხათ თვითონ და გაღმა შედავებოდნენ ვიღაცას და ათი წლის განმავლობაში ალაგეს ეს მესიჯი, რომ ღალატი არ შეემჩნია ვინმეს და ბოლოს აღმოჩნდა, “, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა აღნიშნა, არჩევნების წინ სააკაშვილის მიერ ბოდიშის მოხდის მიზანი არჩევნებზე ხმების მოპოვება იყო.

,,ბოლოს თვითონ აღიარა, რომ მან ჩაიდინა უმძიმესი დანაშაულები და მიზანი რა იყო არ გაინტერესებთ? მიზანი იყო ხმების მოპოვება და არა სინანული და არა მართლა გულწრფელი ბოდიში ქართული საზოგადოების წინაშე. არჩევნების წინ ასეთი ყასიდად ბოდიშის მოხდა ნიშნავს ხმების მოპოვების მცდელობას და ეს არის ბოდიშის მიზანი და ამ მიზნით როგორც იქნა წამოცდა და აღიარა უმძიმესი შეცდომები და უმძიმესი დანაშაულები და ამის შემდეგ კიდევ ბედავენ და საუბრობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება იყოს პოლიტ-დევნილი და მათ გარდა ამას აღარავინ ლაპარაკობს არც ამ ქვეყანაში და სხვათა შორის არც ამ ქვეყნის გარეთ. ეს არის მთავარი მოცემულობა და ჩემი აზრით ყველას უნდა მოეკითხოს დღეს პასუხი ვინც კი მის მესიჯებს ახმოვანებს და უკაცრავად ამ ჟარგონისთვის „აპრავებს“ . რას იტყვიან ამის შემდეგ, როდესაც მათთმა ბელადმა და მათთმა ლიდერმა თავად აღიარა წლების შემდეგ პირველად როგორც იქნა ის უმძიმესი შეცდომები მისი თქმით და უმძიმესი დანაშაულები”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული