შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის თანამესაკნე ჩვენებაში მკვლელობის დეტალებს ფარდას ხდის

19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნემ სკანდალური ჩვენება მისცა. „კურიერის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი შაქარაშვილის მკვლელობა, რომელზეც პატიმრობაში მყოფმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა თანამესაკნესთან ისაუბრა. 

ჩვენებით ფარდა ეხდება ისეთ დეტალებს, როგორიცაა გიორგი შაქარაშვილის ჩანთის ადგილსამყოფელი და სხვა. 8 გვერდიანი ჩვენების მთავარ დეტალებზე  „კურიერმა“ დღევანდელ გამოშვებაში ისაუბრა. 

ბრალდებულის თანამესაკნის განცხადებით, რევაზიშვილმა მას მკვლელობის დეტალებზე უამბო.

„ავედით ცენტრალურ გზაზე, არაგვის ხიდთან, დავინახეთ 3-4 ბიჭიო, მათ დანახვაზე ჩიქოვანმა დაიყვირა: ესენი არიან ამათი დედაო, მძღოლის გარდა ყველანი გავიქეცით იმ ბიჭების მიმართულებით. ისინი ჩვენს დანახვაზე გაიქცნენო, გადაჭრეს გზა და ქვემო ჩასასვლელისკენ გაიქცნენო. ჩვენც მათკენ გავიქეცითო. შევამჩნიეო, რომ ერთი ბიჭი ბუჩქებში იმალებოდა და მასთან დავრჩიო. დევნის დროს ერთი ბიჭი არაგვის ხიდის ქვეშ გამავალი გზისკენ გაიქცა. მას უკან მიყვნენ აჩო გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ და თქვეს, რომ დედა მო….თო.

ამის შემდეგ ჩავსხედით მანქანაში, ძალით ჩავსვით ამირხანაშვილი, თუმცა არ გვიცემია. და წამოვიყვანეთ თბილისის მიმართულებითო, აჩო გაგნიძემ მას სიტყვიერად ჩხუბი და გინება დაუწყო, რაზეც ამირხანაშვილმა უთხრა, მე არაფერ შუაში ვარო. ის შეშინებული იყო და გზაში პირჯვარს იწერდაო. ამის შემდეგ გაგნიძემ მოყვაო, რომ ბიჭს რომ დავეწიეთ, ხელის გულები ჩავარტყი ორივე თვალის მიდამოებშიო და შემდეგ სახეში თავი ჩავარტყიო. მერე სახეში მუშტი ჩავარტყი და ტუჩი გაუსკდაო. ამის შემდეგ წაიქცა და ჩვენ ყველა წიხლებს ვურტყამდითო.  აჩო გაგნიძეს უთქვამს, ცემის პროცესში ბიჭი მდინარისკენ გაგვექცაო. უკან მიყოლიან ყველა, რა დროსაც მდინარეში გადაგვივარდა, დედა მოე… და დაიხრჩოო.“,-წერია ჩვენებაში. 

ამავე ჩვენებაში აღწერილია შაქარაშვილის ჩანთის ეპიზოდი. ჩვენების მიხედვით, ის იპოვა არასრულწლოვანმა ა.ქ-მ. ჩანთაში გიორგი შაქარაშვილის თმის ჟელე და სავარცხელი იდო. რის შემდეგაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ჩანთა არაგვის ხიდის ბეტონის საყრდენზე დაედოთ, რადგან მპოვნელებს კვალი აერეოდათ და იფიქრებდნენ, შაქარაშვილმა თვითონ დადო ჩანთა და წყალში გადახტა.

​„გაგნიძემ თქვა, ეს ამბავი რომ გაბაზრდეს, მთქმელს და მის ოჯახს დედა აქვს მ—ო. რაზეც ჩიქოვანმა დაამატა, რა უნდა გაბაზრდეს, ვინც ამას იტყვის, ზონაზე ვერ გაჩერდება, ბოზის სახელი ერქმევაო. გაგნიძემ უთხრა, ხომ ვიყარეთ ჯავრი საბურთალოელებზეო“,-წერია ჩვენებაში.

ჩვენებაში ნათქვამია, როგორ ცდილობდა ნიკა რევაზიშვილი ხმა მიეწვდინა ამირხანაშვილისთვის, რომ არ მიეცა ჩვენება, ასევე ირკვევა, რომ 18 ივნისის დეტალები ნიკა რევაზიშვილის მეუღლემ, ანიმაც იცოდა. ჩვენებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნახალოვკელები მეორე დღეს ჩასულები იყვნენ შემთხვევის ადგილზე.

„მან ჩამაწერინა მამამისის ნომერი და მთხოვა, მის ნაცვლად დამერეკა მამამისისთვის. მამამისთან დამაბარა, რომ ნიკას მეუღლე ანი ჩამოეყვანა კასპიდან, რადგან ის მეზობელ გოგოს, დიკოს ქმარი ან თავად, მუშაობდა პოლიციაში, ან ჰქონდა ახლო უერთიერთობა პოლიციასთან და ნიკას არ უნდოდა, რომ ანის ჰქონოდა ახლო უერთიერთობა ამ ხალხთან. ნერვიულობდა, რამე არ წამოცდეს ჩემს შესახებო. შემდეგ მამამისთან დამაბარა, მისულიყო ამირხანაშვილთან იმ მიზნით, რომ ამირხანაშვილს მიეცა ისეთი ჩვენება, რაც ამირხანაშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტს გამორიცხავდა, ანუ ამირხნაშვილს უნდა ეთქვა, რომ ტოიოტა ქამრის მგზავრებმა ის მისივე თხოვნით წამოიყვანეს თბილისში და არა იძულებით. თუმცა ბოლოს გადაიფიქრა და მითხრა, რომ თავად უწერდა ადვოკატს წერილებს. გამყოფ მინაზე ადებდა და ისე აჩვენებდა წერილებს“,-ნათქვამია თანამესაკნის ჩვენებაში.

„კურიერის“ ინფორმაციით, ნიკა ჩიტიძემ პროკურატურას ხმა სახალხო დამცველის დახმარებით მიაწვდინა.

ჩვენება 14 აგვისტოს არის მიცემული. „კურიერმა“ გასულ კვირას გაავრცელა წერილი, რომელიც ნიკა რევაზიშვილს ეკუთვნის, ის თავის მესაკნე ნიკა ჩიტიძის ჩვენებას სიცრუეს უწოდებს.

Facebook Comments

ახალი დადებული