თამარ ბაჩალიაშვილის ბებია: ვინ არის ის სამი მაღალჩინოსანი, რატომ არ ამბობენ?

„ვინ არის ის სამი მაღალჩინოსანი, რატომ არ ამბობენ’’?! – ამ კითხვაზე პასუხს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბაშვილი იმ მედიასაშუალებებისგან ითხოვს, რომელთა ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში სამი მაღალჩინოსანი ფიგურირებს. როგორც POSTV-ის  ზურაბაშვილმა განუცხადა, ოჯახს ამის თქმას აიძულებენ.

”უკვე გამოვრთე ტელეფონი, აღარ მინდა, ტელეფონში ვკითხულობ, რომ სამმა მაღალჩინოსანმა მოკლა ჩემი შვილი და მთელი მსოფლიოს დედებო გავერთიანდეთო. ვინაა, ის სამი მაღალჩინოსანი, რატომ არ ამბობენ? თქვან, რომ ეს არის მაღალჩინოსანი, ვისზეც ბავშვი მუშაობდა“ – აცხადებს  ბაჩალიაშვილის ბებია. მისი თქმით, მასთან გამოკითხვაზე არავინ მისულა, მათ შორის არც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

„ შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყვნენ, გაიგეს ჩემი მდგომარეობა, მე სად ვიყავი, როგორ ვიყავი, მომაწერინეს ხელი. ადვოკატი რატომ არ ინტერესდება, ვინაა რიტა, რომელთანაც ეს ბავშვები დიდ დროს ატარებდნენ. აი, უბრალოდ მაინც არ აინტერესებს? გაუჩინარების დღესაც აქ იყო. ტერიტორიაზე იარაო, მილიციას ეძებდაო, დოკუმენტაცია უნდა მიეტანაო, მილიციას ვერ იპოვიდა ბავშვი?! აქ ნათესავს უცხოვრიაო, ბებიასო და ვერ მივაგენითო. ვერ მიაგნეს, აი აქედან აქ რომ ეკითხათ?“ – აღნიშნავს  რიტა ზურაბაშვილი.

 მისივე თქმით, ადვოკატი მხოლოდ გასვენების დღეს დაინახა.

„ადვოკატი მოვიდაო და უბრალოდ ვიზუალურად დავინახე, გადავირიე, თეონა, ეს საიდან მეთქი, დიახაცო, თვითონ მისულა ეს ადვოკატი, უთქვამს, მე მოვალო, თქვენი ტოლა შვილი მყავსო და უფასოდ მოგემსახურებითო, ახლანდელი ადვოკატები რომლებია, უფასოდ რომ გემსახურებიან? რატომ არ დაინტერესდი, რატომ უნდა მემსახურო მე უფასოდ? რატომ არ მოდის ახლა? ერთ დღესაც მოდის რამიშვილი, შემოვედი, აბა რას გვეტყვით ბატონო ადვოკატო მეთქი? დაავლო თავის ჩანთას ხელი და წავიდა. მამისთვის უთქვამს, როცა ეგ ქალბატონი იქნება, არაფერს ვიტყვიო და არ მკითხოთო. გასვენების დღეებში მე რომ დამინახავდა, საერთოდ არ შემოდიოდა. მე ვუთხარი, გვარამია რომ მომიყვანეს, მეზობლად ქალბატონი მყავს და ვითომ იმასთან დაქალობს, იმან იცი რა მითხრა, ქალბატონო რიტა, რატომ ნერვიულობთ? მე ოჯახის გარეშე ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს, ოჯახი მეუბნება და ვაკეთებო“ – აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის დედა იმ დღეებში გათიშული იყო, სასწრაფო თიშავდა, რადგან არაადეკვატურად იქცეოდა.

„ამ საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სარალიძის მსგავსად, ამათაც გამოიყენებენ“, – აცხადებს რიტა ზურაბაშვილი.

 „სარალიძე თვითონ მიხვდა მერე, ამათაც ასე აწოწიალებენ.  კუჭიდან რომ სითხეს იღებდნენ, მაშინვე უთხრეს, რომ სრულფასოვანი პასუხის მისაღებად 30 დღე სჭირდება დამუშავებას, ეს [ბაჩალიაშვილის დედა] მესამე დღესვე წავიდა საელჩოშო, მუხლისჩოქზე დადგა სურათით – მიშველეო. საელჩო რას უშველიდა?! საელჩომ უთხრა, ბოლო დასკვნა დამიდეო. სამაგიეროდ ხომ გაპაზორდა, მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ ოჯახი პლაკატებით დარბის. ყველას გააგებინა, არავინ არ მივიდა  4 მეზობლის გარდა“ – ყვება თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.

იგი იხსენებს, რომ გასვენების დღეს შალვა ნათელაშვილი და ნინო ბურჯანაძის შვილი მივიდნენ.

„ეკლესიიდან რომ გამოვასვენეთ, უცებ შალვა ნათელაშვილი მიტინგს ატარებს ხალხო, შეკრებილები ვართ, მოდით, წავიდეთ და ეს მთავრობა დავამხოთო. გასვენებაში შეიძლება, ეს გააკეთო?! უძახო მოდით და დავამხოთ ეს მთავრობა. მე ბებიამ, როგორ მოვითმინო ეს, როდესაც სულ სხვა რაღაცა სჭირს ჩემს ბავშვს, მის სულს ხომ უნდა დავეხმაროთ. გადის რამდენიმე კვირა და ბურჯანაძე გამოდის ტელევიზიით თურმე ბებია და შვილიშვილი ჩემი ფანატები ყოფილან და ამიტომ მინდა სამძიმარი ვუთხრაო. გადავირიე კინაღამ“,- ყვება რიტა ზურაბაშვილი და აცხადებს, რომ უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება.

„კომენდანტიც კი ნაცები ჰყავთ. კარის მეზობელია თან.  იქ რომ ვიყავი, არცერთი არ შემოდიოდა ოთახში, არცერთი ჟურნალისტი. 2 ღამე ვუთიე ბავშვს, 2 დღე და ღამე არ დამიძინია, რომ გამოვედი ეგენი არ შემოდიოდნენ, მერე უცბად გამოვარდა, მე მწამს მარტო ამათიო, აქ არ დაგინახო მოსულიო, გამოვედი და გამოვერიდე. ავუხსენი ჩემს დისშვილს ამის [თამარის] სული ითხოვს სიმშვიდეს. მომწერა შენ ხარ იუდაო. ალბათ ადვოკატი ეუბნება, რომ დეიდაშენს უთხარი თუ ადვილია თვითმკვლელობა თვითონ რატომ არ იკლავს თავსო?!“ – ამბობს რიტა ზურაბაშვილი.

postv

Facebook Comments

ახალი დადებული