მოწოდებაა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვინც იყო „დონაში“, მივიდნენ ბათუმში, ტესტირების ადგილზე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საუბარი არ ყოფილა ბათუმის ჩაკეტვაზე, ერთადერთი, გაფართოვდება ტესტირება,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბათუმის ბულვარში დამატებით დაიდგმება კარავი ტესტირებისთვის და დღეში დაახლოებით, 1800 ტესტის გაკეთება იქნება შესაძლებელი. 

„მოწოდებაა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვინც იყო ბათუმის საკონდიტრო „დონაში“, მივიდნენ ბათუმში, ტესტირების ადგილზე და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩაუტარდებათ ტესტირება“,-განაცხადა მან.

გამყრელიძის ინფორმაციით, ეპიდსიტუაცია ბათუმის ჩაკეტვას არ მოითხოვს, რადგან ჯერჯერობით გვაქვს 1 ლოკაცია- „დონა“, რომელიც დაკეტილია, ყველა ახლო კონტაქტი მოძიებულია და გადაყვანილია კარნტინში, ან თვითიზოლაციაში. 

„რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ადამიანები ნაკლებად იცავენ წესებს, არის დიდი თავყრილობები, ტრანსპორტსა და მაღაზიებში არ იკეთებენ პირბადეებს, რაც შეიძლება, გახდეს ინფექციის ფართოდ გავრცელების მიზეზი. თუ ასე გაგრძელდება, წყალში ჩაგვეყრება ყველაფერი, რასაც 8 თვის განმავლობაში ვაკეთებით. ვაქცინას რაც შეეხება, 31-ში გავაკეთეთ ოფიციალური განაცხადი, შეკვეთილია 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა, 18-ში გაფორმდება ხელშეკრულება და როდესაც ვაქცინა იქნება დამტკიცებული, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში, რისკ ჯგუფებისთვის“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, დღეს დადასტურებული შემთხვევები უკავშირდება წინა დღეებში დადასტურებულ ინფიცირებულთა კონტაქტს. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სულ საქართველოში 15 შემთხვევაა, რომლის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის.  

მისივე თქმით, სატვირთო ავტომობილების მძღოლები ინფექციის შემოტანის ერთ-ერთი სერიოზული წყაროა.

„სულ 140 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს სატვირთოს მძღოლების. დღიურად ქვეყანაში 500-მდე ავტომობილი შემოდის, რომელსაც სურსათი შემოაქვს“,-განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ე.წ.პისიარ ტესტების მარაგი ქვეყანას აქვს და  სექტემბერში შევსება მოხდება. 

Facebook Comments

ახალი დადებული