რა ხდება სასტუმრო „ოაზისში“, სადაც ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდგინდა

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“, სადაც მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის კონფერენცია მიმდინარეობს, ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. საეჭვო სიმპტომების გამო, ქალბატონს ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა პირველად შედეგი უარყოფითი იყო. განმეორებითმა ტესტმა კი, კოვიდ-19-ით ინფიცირება დაადასტურა.

არსებული ინფორმაციით, ენდოკრინოლოგ ქალბატონს ცოტა ხნის წინ კონტაქტი ჰქონდა ლენჯერში დაინფიცირებულ პირთან.

 სასტუმროში ამ წუთისთვის 900-მდე ვიზიტორი იმყოფება, თუმცა მათ ტერიტორიიდან გასვლა არ შეუძლიათ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ოაზისში“ არც ახალ დამსვენებლებს მიიღებენ.  

როგორც კონფერენციის მონაწილემ, ექიმმა ნევროლოგმა გოგიტა გეგელაშვილმა „ინფო ფოსტალიონთან“ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, კონფერენცია ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით ტარდებოდა, დაცული იყო უსაფრთხოების ყველა ნორმა და კორონავირუსის აფეთქების საშიშროება თითქმის არ არსებობს.

მისივე თქმით, გუშინ ჩაქვში უკვე ჩავიდნენ ეპიდემიოლოგები და დღესაც ელოდებიან, რის შემდეგაც ჩატარდება გაფართოებული ტესტირება.

„ყველა, ვინც ინფიცირებულ ქალბატონთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა, გადაყვანილია კარანტინში, რაც შეეხება კონფერენციის მონაწილეებს და სასტუმროში მყოფ დამსვენებლებს, აქ საშიშროება მინიმალურია. სკამები ერთმანეთის დაშორებით დგას, ყველა ნიღბით დადის, სასადილოში 4 ადამიანზე მეტს არ უშვებენ, ერთმანეთთან ახლოს არ ვკონტაქტობთ, ვიცავთ დისტანციას. მოხსენებები 15- წუთიანია, ყველა კუთხეში სადეზინფექციო ხსნარია განლაგებული. სასტუმროში მუდმივად ტარდება დექზინფექცია, პირსახოცებიც კი სტერილურ პაკეტებშია მოთავსებული. ტერიტორიიდან არ გავდივართ, თუმცა ეზოში გადავადგილდებით, ზოგი პლაჟზე ირუჯება, ზოგი ფრენბურთს თამაშობს. ველოდებით დამატებით ეპიდემიოლოგების ჩამოსვლას“,-აცხადებს გოგიტა გეგელაშვილი. 

Facebook Comments

ახალი დადებული