დეა კაპანაძე ამბობს, რომ ძებნის პირველ დღეს თამარის მამისგან მოისმინა შვილის გაუჩინარების ვერსია

თვითმკვლელობის მცდელობა, სამსახურიდან წასვლის მიზეზი, პრობლემები,-თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე „კურიერთან“ ვრცელ ინტერვიუში საუბრობს.

გარდაცვლილი გოგონას უახლოესი მეგობარი ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი დეპრესიული იყო, ის ხშირად წერდა ვიდეომიმართვებს. ერთ-ერთი ვიდეომიმართვა კი, მშობლების სახელზეა, რომელიც დეა კაპანაძის ინფორმაციით, გამოძიებამ თამარის მშობლებს უკვე აჩვენა.

დეას თქმით, თამარს სუიციდის მცდელობა წარსულში არაერთხელ ჰქონდა. მან დაასახელა მეთოდებიც, რა გზითაც ის თვითმკვლელობას ცდილობდა, თუმცა „კურიერმა“ ინტერვიუს ეს მონაკვეთი გარკვეული მოსაზრების გამო, არ გაასაჯაროვა.

დეა კაპანაძე ასევე იხსენებს თამარის დაკარგვის დღეს, როდესაც მისმა მამამ გამოთქვა ვერსია, რომ ხომ არ შეასრულა თამარმა ის მუქარა, რასაც ადრე იძახდა- რომ გაუჩინარდებოდა ისე, რომ მის კვალს ვერავინ მიაგნებდა.

„დავიღალე უკვე, ისეთ რაღაცეებს მწერენ, თითქოს რამეში დამნაშავე ვიყო“,-ამბობს დეა კაპანაძე და სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა, დუმილი დაერღვია.

„2015 წელს გავიცანი, ერთ-ერთ საგანში ერთად ვემზადებოდით. გულჩათხრობილი იყო, დეპრესიულიც. როდესაც თავს ცუდად გრძნობდა, საკუთარ თავს უღებდა ვიდეოს. მეც მეუბნებოდა, საკუთარ თავს გადაუღე ვიდეო და 2 დღის შემდეგ უყურე და დამშვიდდები თვითონო“,-ამბობს დეა კაპანაძე.

როგორც დეას საუბრიდან ირკვევა, 2018 წელს youtube-ზე თამარმა ატვირთა ვიდეო, სადაც საუბრობდა ნიკა გეჯაძეზე, როგორც მის ახალ სიყვარულზე. 

„ვიდეოში თავის უფროსზე, ნიკაზე საუბრობდა. გულისტკივილი, რომ ცალმხრივი სიყვარული ჰქონდა. ეს ვიდეო შემთხვევით აეტვირთა, სადაც გამომწერი მისი იმდროინდელი შეყვარებული იყო და მან ეს ვიდეო ნახა. რის შემდეგაც მათ შორის ურთიერთობა დასრულდა“,-ამბობს დეა კაპანაძე.

თამარის მეგობარი ყვება, რომ ბაჩალიაშვილს წარსულში თვითმკვლელობის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა.

„2-3 წლის წინ აივანზე ვიჯექით და ბედნიერი ვიყავი, რომ ასეტთი რამ მე გამიმხილა. მივხვდი, რომ მისტვის ნამდვილი მეგობარი ვიყავი. აღარ ჩავეძიე, რატომ, რის გამო, არ მიკითხავს. არ მინდოდა, რომ დამემძიმებინა. 2-ჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. ძებნის პერიოდში ჯუმბერმა(თამარის მამა) ხმამაღლა თქვა, გვემუქრებოდა, წავალ და ვერასდროს მნახავთო. მე იქ ვიყავი და კარგად მახსოვს ეს სიტყვები“,-განაცხადა დეა კაპანაძემ.

მისთვის გაუგებარია, რატომ ადანაშაულებენ თამარის მშობლები მას.

„მე არ ვიცი, რატომ ამბობენ ასეთ რაღაცეებს. თითქოს თამუნასგან 40 000 ლარი ვისესხე. პოლიციას ყველანაირი გადარიცხვები აქვს. ერთმანეთის ლარიანიც კი არ გვმართებს, კაფეში გადასახადს შუაზე ვიყოფდით. რატომ, რის გამო დამადანაშაულეს აზრზე არ ვარ. ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი. ვცდილობდი, არ მიმექცია ყურადღება. მესმის, რომ შვილი ყავს მკვდარი და გულთანაც მიმაქვს ეს ყველაფერი. მართლა ბოლომდე მესმის. ჰგონია, რომ ვემალები, მაგრამ ვცდილობ, დავეხმარო გამოძიებას, გავიხსენო მცირე დეტალებიც კი, რომ იქნებ როგორმე დავეხმარეო. არ შემიცვლია ხუთჯერ ჩვენება. უბრალოდ, პირველი ორი დღე არც კი ვფიქრობდი, რომ შეიძლება სადმე გვენახა გარდაცვლილი, ვფიქრობდი, რომ ვიღაცამ მოიტაცა. დავაფიქსირე კიდეც ჩვენებაში, რომ თავის მოკვლა ან მკვლელობას გამოვრიცხავდი. მერე უკვე გარდაცვლილი რომ ვიპოვეთ, სხვანაირად შევხედე. ჩვენებები არ შემიცვლია, სხვადასხვა უწყება მკითხავდა და ყველას სხვადასხვა კითხვები ჰქონდა. შესაბამისად სხვადასხვა პასუხები მქონდა. სხვადასხვა კითხვებზე“,-აცხადებს დეა კაპანაძე.

მისი თქმით, თამარი არ იყო ის პიროვნება, რომ მილიონები მოეპარა რაღაც ანგარიშებიდან, ან საიდუმლო ფაილები გაეხსნა.

„თამარი არასდროს არაფერს ისეთს არ გააკეთებდა. არც მილიონებს მოიპარავდა რაღაც ანგარიშებიდან და არც რაღაც საიდუმლო ფაილებს გახსნიდა. ყარაბაღის იარაღის სქემა გაშიფრესო, არ ვიცი რატომ ლაპარაკობენ ამ რაღაცეებს, რაღაც საბუთი ხომ უნდა არსებობდეს. თამუნა ბოლოს 10 ივლისს ვნახე, ტელეფონით კი 12 ივლისს ველაპარაკე. მას შემდეგ არ გვქონია ურთიერთობა. 18 ივლისს, 13:20 სთ-ზე დამირეკა თამუნას დედამ თეონამ და მეკითხება, თამუნა შენთან ხომ არ არისო. ვეძებ, ტელეფონი აქვს გათიშული, ვერ ვუკავშირდებიო“,-აცხადებს დეა კაპანაძე.

მისი თქმით ბაჩანა ლობჟანიძის შესახებ არასდროს არაფერი სმენია.

„ვერ ამოვხსენი, რა ფენომენია საერთოდ. არც ვიცნობდი. თამუნასაც არასდროს უხსენებია. ახლო ურთიერთობა რომ ჰქონოდათ, თამუნა აუცილებლად მეტყოდა“,-აცხადებს დეა კაპანაძე.  

Facebook Comments

ახალი დადებული