ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა

დღეს, 4 სექტემბერს, 20:00 საათზე, სასტუმრო “სტამბის” ამფითეატრში, დოკუმენტური კინოფესტივალის – CinéDOC-Tbilisi-ს ფარგლებში გაიმართება თათია სხირტლაძის დოკუმენტური ფილმის პრემიერა სახელწოდებით ,,დიდება დედოფალს”. ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. 

„დიდება დედოფალს“ არის ფილმი ოთხი მოჭადრაკე ქალის, საბჭოთა ეპოქის ინტელექტუალური ძალაუფლებისა და ემანსიპაციის სახეების არაორდინალურ წარსულსა და აწმყოზე: ესენი არიან ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირები – ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი.
60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წელიწადს, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს ეს ქალები განაგებდნენ. ცივი ომის ეპოქაში ამ ლეგენდარულმა მოჭადრაკეებმა
რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანასწორეს.

ჩვენების შემდეგ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება გაესაუბროს ფილმის გმირებსა და რეჟისორს.

ფილმის რეჟისორი, თათია სხირტლაძე ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტია. ფილმის თანარეჟისორია ანა ხაზარაძე. ,,დიდება დედოფალს” საქართველოს, ავსტრიისა და სერბეთის კოპროდუქციაა.

Facebook Comments

ახალი დადებული