მამუკა არეშიძე ტრამპის მხარდამჭერ მოძრაობაზე – ამ იდეის გარშემო, მოაზროვნეთა ჯგუფის შეკრება არის ჩვენი ქვეყნის ფუნქციის განსაზღვრა

წლებია, ჩვენ ვერ განვსაზღვრეთ ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, რისკენ მივდივარ, რა შეგვიძლია მივცეთ მსოფლიოს,-ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად შექმნილი მოძრაობის, WE ARE პრეზენტაციაზე ისაუბრა. 

მამუკა არეშიძის თქმით, მოაზროვნეთა ჯგუფის შეკრება ამ იდეის გარშემო, არის სწორედ ჩვენი ფუნქციის განსაზღვრა.

„ამიერკავკასიის ხალხის ცნობიერებაში საქართველოს დღემდე საკრალური მნიშვნელობა აქვს, მათთვის საუკუნეების განმავლობაში თბილისს დიდი როლი აქვს იმის შენარჩუნებაში, რაც მათთვის ძვირფასი იყო, ეს არის არა მხოლოდ მათი ინერცია, არამედ იმედი. თუმცა ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რომ ამ ოცნებას ხელი შევუწყოთ. 

ჩვენ თავად წლებია, ვერ განვსაზღვრეთ ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, რა გვინდა, რისკენ მივდივართ, რა შეგვიძლია მივცეთ მსოფლიოს. მე ვთვლი, რომ მოაზროვნეთა ჯგუფის შეკრება ამ იდეის გარშემო არის სწორედ ჩვენი ფუნქციის განსაზღვრა. სანამ ჩვენ საკუთარი იდეა არ გვექნება განსაზღვრული, მანამდე ვიქნებით ქვეყანა და არა სახელმწიფო. ეს იდეა კი, უნდა იყოს სულიერების დატვირთვის და არა – სატრანზიტო. 

ჩემი გარკვეული ძალისხმევით, წელიწადში რამდენიმე სტუდენტი ჩამომყავს საქართველოში სასწავლებლად. როდესაც ისინი აქ ჩამოდიან, ამბობენ, რომ დასავლეთთან კავშირის გარდა, სურთ ეზიარონ იმ კულტურას, რაც უფროსებისგან სმენიათ. კულტურა, რომელიც საუკუნოვან ტრადიციებზეა დაფუძნებული, აი ამას მეუბნებიან და მე ხანდახან მრცხვენია, რომ ვერ ვახერხებ დავახვედრო მათ ეს ტრადიცია. შესაძლოა, ამ ტრადიციებში დღეს ბევრი რამ მიუღებელი და მოძველებულია, მაგრამ ეს არის  გარკვეული ღერძი, რომელზეც იდგა მთელი რეგიონი იდეური თვალსაზრისით, ეს იდეოლოგია არის ჩვენი რეგიონის გადარჩენის ერთ-ერთი თემა და დაფუძნებულია გარკვეულ ტრადიციებზე“,-განაცხადა მამუკა არეშიძემ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე.

Facebook Comments

ახალი დადებული