საქართველოში ტრამპის მხარდამჭერი საზოგადოებრივი ორგანიზაცია შეიქმნა

საქართველოში ტრამპის მხარდამჭერი ორგანიზაცია we are შეიქმნა. ორგანიზაცია სოციალურ პლატფორმაზე ჩამოყალიბდა და მასში გაერთიანდნენ ქართველი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, პუბლიცისტები და სოციალური ქსელების აქტივისტები. 

We Are -ის პრეზენტაცია გუშინ, 4 ორგანიზაციის ოფისში გაიმართა. 

როგორც მოძრაობის დამფუძნებლებმა განაცხადეს, ტრამპის არჩევნები გადამწყვეტი მომენტი იქნება მთელი მსოფლიოსთვის. ეს იქნება ბრძოლა აგრესიულ ფსევდოლიბერალურ ძალებსა და ტრადიციული ღირებულებების მიმდევრებს შორის. სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყდება, რა გზით ივლის მომდევნო წლების განმავლობაში მსოფლიო.

„ჩვენ მზად ვართ და რითიც შეგვიძლია, მხარში დავუდგებით ამერიკელი ტრადიციული ღირებულებების მქონე ადამიანებს, მე ამას ბრძოლას დავარქმევდი. მალე დადგება გადამწყვეტი მომენტი, და თუ ამერიკაში ლიბერალების მანტიას ამოფარებულმა ძალებმა გაიმარჯვეს, მთელი მსოფლიო განსაცდელის წინაშე დადგება და განსაკუთრებით საქართველო. და ჩვენ კარგად ვიცით, ეს რას ნიშნავს“,-განაცხადა 26 მაისის დარბევის დაზარალებულმა, პუბლიცისტმა რეზო რეხვიაშვილმა.

როგორც საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ განაცხადა, ორგანიზატორების მოწვევა სიამოვნებით მიიღო, რადგან საქართველოში მმართველი ძალა და ოპოზიცია არანაირ პოზიციას არ აფიქსირებენ აშშ-ს არჩევნების მიმართ, რომელსაც საქართველოზე უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება.

„ე.წ. ნეოლიბერალურ ძალებს კონკურენტების მოშორება სჭირდებათ სხვადასხვა ეკლესიებისა და რელიგიების სახით, ასევე ახალი ადამიანის ფორმატირება, რასაც სამწუხაროდ, წარმატებით ახერხებენ. განსაკუთრებით, 30 წლამდე ახალგაზრდებში, რომელთა ფორმატირება გაცილებით ადვილია. ჩვენ ამაში გარკვეულ საფრთხეს ვხედავთ, მე სიამოვნებით მივიღე ამ მოძრაობის მოწვევა, რადგან ვხედავ, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მორცხვად არიან, არ გამოთქვამენ პოზიციას ამერიკის არჩევნებზე, იგივე მდგომარეობაა ოპოზიციაშიც, ერთეული გამონაკლისების გარდა. ვინც გაიმარჯვებს, მასთან იქნებიან. ჩვენ იმიტომ კი არ ვუჭერთ მხარს ტრამპს, რომ რაღაც პანაცეაა, არა, ტრამპმაც რომ მოიგოს, ჩვენი პრობლემები არსად წავა, მაგრამ ცოტა ხნით გადავდებთ და დროს მოვიგებთ იმ პრობლემის წინაშე, რასაც აგრესიული ნეოლიბერალიზმი ჰქვია“,-განაცხადა საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგავამ. 

ორგანიზაცია we are თანამოაზრეებთან მუდმივ კონტაქტს გეგმავს, აქტივობების შესახებ კი, სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით დააანონსებს.

Facebook Comments

ახალი დადებული