გიორგი ვოლსკი: დედა აგინეს საქართველოს და ქართველებს ადამიანებმა, რომლებიც ცდილობენ ისევ ,,დაითრიონ” ძალაუფლება

ადამიანი, რომელმაც ათჯერ გამოაცხადა, რომ ჩამოდის საქართველოში, ყოველგვარი გადაჭარბებისა და ირონიის გარეშე, ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან ზღვითა და ხან ხმელეთით, კიდევ ერთხელ ცდის ბედს, იქნებ საზოგადოებამ დაივიწყოს მისი სადისტური მმართველობა,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ “რუსთავი 2”-ის ეთერში, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

ვოლსკიმ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი საქართველო გაიხსენა.

“რომელ ეკონომიკურ აღორძინებასა და წინსვლაზეა ლაპარაკი და რა ახლანდელ კრიზისზეა საუბარი, თუ არ ჩავთვლით იმას, რაც მთელ მსოფლიოში ხდება?! ძლივს სამუშაო ადგილების შექმნა დაიწყო და ბიზნესმა გაიღვიძა. სააკაშვილს, რასაკვირველია, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავებენ. იმდენად თვალსაჩინოა ის ბრალდებები და მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები, რომ სადაოც აღარაფერია. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სააკაშვილმა მოაწყო ის, რაც გირგვლიანის საქმეს შეეხება, ერთ-ერთი დეპუტატი პრაქტიკულად მოკლეს, შემთხვევით გადარჩა. სააკაშვილმა ქვეყანა სათავისოდ გაიხადა. უამრავი ხალხია, ვინც ამას ხედავდა წლების განმავლობაში. გამაღიზიანებელია ბევრი ოჯახისთვის, როცა ამბობენ, რომ მმართველობა იმ პერიდოში იყო პოზიტივში.

ძლივს საქართველომ სატრანზიტო ფუნქცია შეიძინა, უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტები კეთდება, ქართულმა კომპანიებმა ამოისუნთქეს და ამ რეალობაში ახლა ხდება ის, რასაც დესტრუქცია ჰქვია. დედა აგინეს საქართველოს და ქართველებს ადამიანებმა, რომლებიც ცდილობენ ისევ “დაითრიონ” (უბრალოდ სხვა შესაფერის სიტყვას ვერ მოვუძებნი) მმართველობის რგოლი ხელში და იმედი აქვთ, რომ საზოგადოება ამას მხარს დაუჭერს. დაკარგული ტერიტორიები, მილიონნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვევით დატოვებული ადამიანი და ბინაწართმეული, ბანკების მიერ გაძარცვული ადამიანები დღესაც სახეზეა! ნელ-ნელა, როგორც იქნა, სახემწიფო სტაბილურობის გზაზე დადგა”, -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Facebook Comments

ახალი დადებული