ირაკლი ჩიქოვანი: კარგი მუშაობის შედეგია, რომ თხილის შემოსავალი ფაროსანამდე არსებულ ნიშნულს უახლოვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ზუგდიდში ფესტივალს ,,თხილობა 2020“ დაესწრო. პრემიერთან ერთად ფესტივალს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ირაკლი ჩიქოვანი, ალექსანდრე მოწერელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,დღეს საფუძველი ჩაეყარა თხილის ფესტივალს, თხილი ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი კულტურა და შემოსავლის მთავარი წყაროა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თხილის წარმოება ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვნად განვითარდა და  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტში წამყვანი ადგილი დაიკავა.  ხელისუფლების, ასოციაციის და ფერმერების კარგი მუშაობის შედეგია ის, რომ წელს თხილის შემოსავალი ფაროსანამდე არსებულ ნიშნულს უახლოვდება. წელს ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით, 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ფესტივალი „თხილობა 2020“ მიზნად ისახავდა თხილის წარმოების პოპულარიზაციას, ფერმერების ხელშეწყობას და აღნიშნულ დარგში არსებული მიღწევების და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.

სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, სადაც ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოდგენილი იყო თხილი და თხილის პროდუქცია, ადგილობრივი რეწვის ნიმუშები და სამეგრელოს კუთხისთვის დამახასიათებელი პროდუქცია. მოეწყო ელარჯის და ჯანჯუხას მომზადების მასტერკლასები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ, დააგემოვნებინათ  და შეეძინათ დახლებზე გამოფენილი პროდუქცია.

ფესტივალის ფარგლებში დაცული იყო კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები. ადგილზე ხორციელდებოდა თერმოსკრინინგი.

ზუგდიდში ფესტივალი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება ,,ღამის შოუს“  ბენდის კონცერტით დასრულდა.

Facebook Comments

ახალი დადებული