ნინო ბურჯანაძე – გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს და მითუმეტეს, ის დაბრუნდეს ხელისუფლებაში

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის  პრემიერობის კანდიდატად დასახელებას, ვაფასებ, როგორც საკუთარი პარტიული ინტერესების უფრო მაღლა დაყენებას, ვიდრე საერთო ოპოზიციური და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებას, – ამის შესახებ, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძეm განაცხადა.

ეჭვი ეპარება ექს-პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდეს და განმარტავს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლას თითქმის გამორიცხავს.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება, ნამდვილად არ შედის ქვეყნის და საერთო ოპოზიციური პარტიების ინტერესში.

„არცერთი ლიდერი არ უნდა მოვიდეს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში. ვითარების პოლარიზაცია არც საერთო ოპოზიციის და არც ქვეყნის ინტერესში არ შედის. ეს შედის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში.

ვადასტურებ, რომ  მიხეილ სააკაშვილს უდაოდ ჰყავს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი, მაგრამ გაცილებით მეტი ადამიანია, ვისაც ყოფილი პრეზიდენტის მომავალ ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურს.

მას შეუძლია სამშობლოში დაბრუნდეს, ამას ვერავინ აუკრძალავს, თუმცა ასეთ შემთხვევაში სააკაშვილი მზად უნდა იყოს იმ გამოცდისთვის, რაც საქართველოში დაბრუნრებისას ელოდება.

არ გავამხვილებ ყურადღებას სააკაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე და არც მოქალაქეობის არ ქონაზე, მხოლოდ პოლიტიკურ მხარეს შევეხები და მკაფიოდ ვაცხადებ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება მხოლოდ პოლარიზებას შეუწყობს ხელს. თუმცა, მე თითქმის გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს და მითუმეტეს, ის დაბრუნდეს ხელისუფლებაში.“ – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ცნობისათვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.

ინფორმაციას „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

Facebook Comments

ახალი დადებული