სალომე სამადაშვილი: სწორედ მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩაუდგეს ქვეყნის ხელისუფლებას სათავეში

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას სათავეში მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩაუდგეს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დასრულების ფორმულა სწორედ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას ეფუძნება.

„დღეს, როდესაც ჩვენ ვემზადებით ისტორიული არჩევნებისთვის, მიხეილ სააკაშვილი აპირებს, რომ ქართველ ხალხს წარუდგინოს, სამსჯავროზე გამოიტანოს თუ შეიძლება ითქვას, საკუთარი კანდიდატურა, როგორც ქვეყნის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა.

ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ”, აქ მნიშვნელოვანი არის სწორედ ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი არჩევნებზე. იმიტომ, რომ რაზე არის საუბარი ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის განდევნილი პოლიტიკური პროცესიდან ხელოვნური სამართლებრივი დევნის გზით და დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ მიუხედავად ამისა, ის ძალიან აქტიურად მიიღებს მონაწილეობას გადამწყვეტ ბრძოლაში ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. გამარჯვების შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას სათავეში უნდა ჩაუდგეს სწორედ მიხეილ სააკაშვილი. დანარჩენი უკვე, რა თქმა უნდა, არის მომავლის, არჩევნებისა და ქართველი ხალხის ნების საკითხი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით,  გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა და ეს გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო.

„ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დასახელდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა პოლიტსაბჭოზე, ეს იყო ერთსულოვანი გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს წევრების. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დასრულების ფორმულა ეფუძნება სწორედ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის როლი უნდა გამოიკვეთოს და გაიზარდოს. ეს იყო ერთსულოვანი გადაწყვეტილება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული