„ხვიჩა კვარაცხელია უდიდესი ტალანტია“ – ვლადიმირ ვაისმა მაკედონიასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა

8 სექტემბერს ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართი დაპირისპირების წინ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა ისაუბრა.

“მოხარული ვარ, რომ დიდი ხნის შემდეგ ერთმანეთს თბილისში კვლავ ვხვდებით. ერთა ლიგაზე ესტონეთთან გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, ხვალ უფრო რთული მეტოქე გვყავს და აქაც 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ.

ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ვალერიან გვილია სათამაშოდ მზად არის. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამჟამად ყველაფერი კარგადაა.

ამერიკიდან გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის ჩამოსვლა დღევანდელი პირობებით ადვილი არ არის. თუ “სან ხოსე” გადაწყვეტს, რომ ბელარუსთან ისინი ჩამოვიდნენ, აუცილებლად დაგვეხმარებიან. სამწუხაროა, რომ კლუბში კაშიას სათამაშო დრო არ ეძლევა. ორივე მათგანი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

გიორგი ჩაკვეტაძისთვის ასეთი ტრავმის შემდეგ, დაბრუნება ადვილი არ არის. მითუმეტეს, კორონავირუსიც გადაება და პრაქტიკაში ბევრი თამაში არ მოუწია. მან რაც შეიძლება მეტი მატჩი უნდა ჩაატაროს, რათა სასურველ ფორმაში შევიდეს. იმედია, ბელარუსთან კარგ ფორმაში მყოფ ჩაკვეტაძეს ვიხილავთ.

ყველამ კარგად იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელია უდიდესი ტალანტია. “რუბინში” ის ტოპ მწვრთნელთან მუშაობს და პროგრესი აშკარაა. ტექნიკა, კაცის მოტყუება, პასი და ყველაფერი ბრწყინვალე აქვს და იმედია პროგრესს გააგრძელებს.

ახლა ბელარუსთან თამაშზე საუბარი არ ღირს, რადგან თამაში ერთ თვეშია და იქამდე შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს. ფეხბურთია და არავინ იცის, რა მოხდება. ევროპის ჩემპიონატის საგზური ყველას უნდა და აქ ფავორიტი არ არსებობს.

სანაკრებო მატჩებს გულშემატკივრის გარეშე ვითამაშებთ, მაგრამ ვიცით, რომ მილიონობით ქართველი ჩვენს გვერდითაა და ისინი უნდა გავახაროთ”, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

Facebook Comments

ახალი დადებული