Reuters: ევროკავშირმა ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სასანქციო სია შეადგინა

ევროკავშირმა ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სასანქციო სია შეადგინა, რომელშიც 31 ოფიციალური პირი შედის, მათ შორის ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ამ ეტაპზე სასანქციო სიაში ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო შეყვანილი არ არის.

„ჩვენ თავიდანვე გავამზადეთ სია, რომელშიც 14 პირი იყო შეყვანილი, თუმცა ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა მიიჩნია, რომ ეს საკმარისი არ არის და კიდევ 17 პირის შეყვანა შევათანხმეთ“, – განაცხადა წყარომ.

არსებული ინფორმაციით, სასანქციო სია სექტემბრის მეორე ნახევარში დამტკიცდება.

19 აგვისტოს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, ვინც არჩევნების გაყალბებასა და მანიფესტანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელია.

Facebook Comments

ახალი დადებული