ბელა ბერკემერ-მახარაძე: მუდამ ღიმილა ვიყავი, ბედნიერება დაბადებიდან მომყვება

შუძლებელია არ იყო ბედნიერი ისეთი ადამიანის გვერდით, როგორიც ჩემი მეუღლე, უვე ბერკემერია, თუმცა ბედნიერება დაბადების პირველივე დღიდან მომყვება,-ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა, ბელა ბერკემერ-მახარაძემ info postalion- თან საუბრისას განაცხადა.

ქალბატონი ბელა უნიჭიერესი მევიოლინეა, საქართველოში მას კარგად იცნობენ არა მხოლოდ მუსიკის მოყვარულები, არამედ სოციალური ქსელების მომხმარებლებიც. ბელა ბერკემერი ფეისბუქის პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს ოჯახთან ერთად გადაღებულ ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეობს. სოციალურ ქსელში მის გვერდს ათასობით გამომწერი ჰყავს. 

„ჩემი და ჩემი მეუღლის ოცნებაა, სამომავლოდ საქართველოში დაბრუნება და სამშობლოში დამკვიდრება, იმედი მაქვს აქაც გაგვიმართლებს“,-ამბობს ქალბატონი ბელა ჩვენთან ინტერვიუში. 

-სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი თვალს ადევნებს თქვენს მშვენიერ ოჯახს. მეუღლესთან შეხვედრა მუსიკის დამსახურებაა?

-დიახ, მეუღლე ჩემი სპეციალობის წყალობით გავიცანი, ანუ მუსიკამ დაგვაკავშირა ერთმანეთს. კონსერვატორიის დამთავრებისთანავე, ქალბატონი ლიანა ისაკაძის შემოთავაზებით, მისსავე ახლად დაარსებულ ორკესტრში დავიწყე მუშაობა და ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც ქალბატონი ლიანას მოწვევით საქართველოში სტუმრად ჩამოსული უძლიერესი მუსიკოსი გავიცანი, გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი – უვე ბერკემერი, რომელიც გაცნობიდან სულ რაღაც სამ თვეში ჩემი მეუღლე გახდა. ბავშვობაში რომ ვინმეს ეწინასწარმეტყველებინა მისი ჩემს ცხოვრებაში გამოჩენა, ნამდვილად არავის დავუჯერებდი, რადგან ის გახლავთ ყველაზე კეთილშობილი ადამიანი თუ ვინმეს ვიცნობ, დიდ პროფესიონალიზმზე არა მაქვს უკვე საუბარი. ძალიან გამიმართლა და ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, მადლობა უფალს და შემდეგ ჩვენს ვარსკვლავ მევიოლინე ლიანა ისაკაძეს, რომელმაც ერთმანეთს შეგვახვედრა და მოგვიანებით ჩვენი მეჯვარეც გახდა.

-სად ცხოვრობდით ეს წლები?

-2000 წლის ნოემბერში გავთხოვდი და 20 წლის განმავლობაში, სამი წელი გავატარეთ მხოლოდ საქართველოში (2005 წლიდან 2008-მდე), დანარჩენი კი გერმანიაში.

– რა ასაკის არიან თქვენი ქალიშვილები და რას საქმიანობენ?

-ერთად გვყავს 2 ულამაზესი ქალიშვილი – ნინა და მარი, უვეს კი სამი შვილი ჰყავს, რადგან უფროსი ქალიშვილი იულიანე პირველი მეუღლისგან გახლავთ. ნინა 19 წლისაა, საკმაოდ წარჩინებული მოსწავლე გახლავთ მუსიკალური ინტერნატისა, უკვე მრავალგზის ლაურეატია და ფლობს სამ ინსტრუმეტს- ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და ვოკალს, მას ვოკალის განხრით სურს უმაღლესი განათლება მიიღოს და იდეურად საკმაოდ შორს უნდა წასვლა, მაგრამ ჯერ საკმაოდ ადრეა ამაზე საუბარი.     

– სად სურს ცხოვრება თქვენს უფროს ქალიშვილს, რომელი ქვეყანაა მისთვის უფრო ახლობელი, საქართველო, თუ გერმანია?

-ცხოვრება, რა თქმა უნდა, გერმანიაში სურს, სადაც დაიბადა, გაიზარდა და მეგობრები ჰყავს საქართველო კი თავისთავად უზომოდ უყვარს, ის ხომ ჩემი შვილია? მარი 9 წლისაა ჩელოსა და ფორტეპიანოს ეუფლება და ვნახოთ აბა, რას აირჩევს, ცხოვრება გვიჩვენებს. ამჟამად ვცხოვრობთ გერმანიის ერთ საკმაოდ პატარა, კოხტა ქალაქში- იბბენბიურენში და აქ ვასწავლით როგორც მუსიკალურ გიმნაზიაში, ასევე მუსიკალურ სკოლასა და საგანმანათლებლო სკოლაში, შიგა და შიგ კი, კონცერტებს ვატარებთ და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, არდადეგებს დავამთხვიოთ.

პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები თქვენც შეგეხოთ?

-პანდემიამ არა მხოლოდ ჩვენ დაგვაზარალა, არამედ მსოფლიო შეაჩერა და ეს ყველას დაეტყო. ჩვენ კი მიუხედავად იმისა, რომ ამ მოკლე დროში უკვე 3 კონცერტი ჩაგვეშალა, მაინც ვცდილობთ, გული არ გავიტეხოთ, შიშმა არ შეგვიპყროს და დეპრესიამ არ გვძლიოს.

-სოციალურ ქსელში სულ მომღიმარი ხართ, ცხოვრებაშიც ასეა?

-რა თქმა უნდა, ცხოვრებაშიც ძალიან პოზიტიური ვარ, თორემ წარმოუდგენელია, ადამიანმა სამი წლის განმავლობაში გამუდმებით სხვისი როლი მოირგოს, რადგან ასე, თავის სახეს სამუდამოდ დაჰკარგავს. პატარაობიდანვე მაქვს უკვე მიმიკური ნაოჭები, რადგან სულ მუდამ ღიმილა ვიყავი, შუძლებელია არ იყო ისეთი ადამიანის გვერდით ბედნიერი, როგორიც უვე ბერკემერია, რადგან ის ყველაზე საუკეთესო, გამგებიანი და ხელისშემწყობი მეუღლე გახლავთ მსოფლიოში. ჩემი ბედნიერება კი უვეთი არ დაწყებულა, რადგან ის დაბადების პირველი დღიდანვე მომყვება, რადგან… უპირველეს ყოვლისა ბედნიერი ვარ, რათა დავიბადე ქართველად, ვარ გურიის ულამაზესი სოფლის- ნატანების მკვიდრი და სწორედ ისეთი სათნო და მოსიყვარულე ოჯახის შვილი, როგორებიც არიან მამა- რომანი მახარაძე და დედა-ეთერი კვერღელიძე. ასევე მყავს ჩემთვის უძვირფასესი და ბრძენი ძამიკო პაატა მახარაძე თავისი ლამაზი ოჯახით და სხვათა შორის, პაატა არანაკლებ ნიჭიერია ჩემზე, უბრალოდ მან სხვა პროფესია აირჩია ცხოვრებაში და უკვე ძალიან დიდი ხანია სამშობლოს სამსახურშია. ჩემი და ჩემი მეუღლის ოცნებაა, სამომავლოდ საქართველოში დაბრუნება და სამშობლოში დამკვიდრება, იმედი მაქვს აქაც გაგვიმართლებს.


Facebook Comments

ახალი დადებული