კუს ტბაზე, კლუბ-რესტორანში მასშტაბური წვეულების სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა

პირს, რომელიც კუს ტბაზე მდებარე კლუბ-რესტორან “ცისკარი გარდენსში” მასშტაბურ წვეულებაზე იმყოფებოდა, ორი დღის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. ფაქტს კლუბის მენეჯმენტი ადასტურებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებაზე 1000-მდე სტუმარი იმყოფებოდა. 

კლუბის მენეჯერის განმარტებით, ახალგაზრდა ქალის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია. 

“პარასკევს “ცისკარი გარდენსში” ჩატარდა ივენთი, რომლის სტუმარს ორი დღის შემდეგ დაუდასტურდა კორონავირუსი. ღონისძიების ორგანიზატორები არიან კომუნიკაციაში ყველა უწყებასთან, ვისაც ეხება კონტროლი. მისი ყველა კონტაქტი არის ცნობილი. რეკომენდაცია მოგვცეს, რომ ამ ტერიტორიას ჩაუტარდეს დეზინფექცია. ეს არ არის დახურული სივრცე, ეს არის ღია ტერიტორია, აქ არის ღია ბარები და აბსოლუტურად ყველა ღონისძიება ტარდება ღია ცის ქვეშ” – აცხადებს მენეჯერი. 

ამ წუთებში “ცისკარი გარდენსში” სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორია დაათვალიერეს სამართალდამცველებმაც. მათი მტკიცებით, კლუბში დარღვევები არ გამოვლენილა. 

Facebook Comments

ახალი დადებული