განათლების მინისტრმა დისტანციური სწავლების წესები და პირობები დაამტკიცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესები და პირობები დაამტკიცა.

დოკუმენტის მიხედვით, სკოლაში დისტანციური სწავლება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მოდელების გამოყენებით:

ა) სრულად ელექტრონულად, სინქრონულად, რაც გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში სამინისტროს მიერ რეკომენდებული რომელიმე ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის ერთდროულად ჩართვას; ბ) სრულად ელექტრონულად, ასინქრონულად, რაც გულისხმობს ტელე/ვიდეოგაკვეთილების ან ხელმისაწვდომი სხვა ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების გამოყენებით სწავლა-სწავლებას; გ) ჰიბრიდულად, რაც გულისხმობს სრულად ელექტრონული სინქრონული ან/და ასინქრონული და დასწრებით სწავლების კომბინირებულად გამოყენებას, რაც შეიძლება იყოს დიფერენცირებული საგნების, კლასებისა და განაყოფების მიხედვით.

სინქრონული ელექტრონული სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს. ამ დროს მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) რაოდენობა არის შემდეგი:

I- IV კლასში 1 საათი, V- IX კლასში 1.5 საათი. X-XII კლასში კი 2 საათი.

დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:

ა) I-IV კლასებში – 15-20 წუთი;

ბ) V-IX კლასებში – 25-30 წუთი;

გ) X-XII კლასებში – 35-40 წუთი.

რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება.

საჯარო სკოლაში ჰიბრიდული დისტანციური სწავლების შემთხვევაში დასაშვებია კლასის გაყოფა დასწრებით გაკვეთილების დაგეგმვისას, ხოლო დისტანციური გაკვეთილების ჩატარება რეკომენდებულია მთელი საკლასო ჯგუფისთვის

სკოლა ვალდებულია მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს დასწრებით სასწავლო პროცესი.

სკოლა ვალდებულია, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ სკოლის სივრცეში უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მათი საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამისი მომსახურების მიწოდება.

სკოლა ვალდებულია სისტემატურად აწარმოოს მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

კლასის დამრიგებელი ვალდებულია დაადგინოს მოსწავლის მიერ დისტანციური გაკვეთილის გაცდენის მიზეზები.

სკოლაში დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეთა შეფასება წარმოებს როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:

ა) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს მოსწავლის ჩართულობას დისტანციურ სასწავლო პროცესში, ხელი შეუწყოს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავებაში; ბ) ითანამშრომლოს სკოლასთან და დაეხმაროს მოსწავლეს სკოლის მიერ დასახული სასწავლო მიზნების მიღწევაში; გ) თვალყური ადევნოს მოსწავლეს და დროულად შეატყობინოს სკოლას დისტანციურ სასწავლო პროცესში რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების, მათ შორის, კიბერბულინგის დაფიქსირებისთანავე; დ) შეატყობინოს სკოლას დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების შესახებ და ითანამშრომლოს სკოლასთან სირთულის დაძლევის გზის მოძებნაში.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელზე გადასვლის წინაპირობები შეიძლება იყოს:

ა) სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას დადგენილი დროებითი შეზღუდვები;

ბ) რთული მეტეოროლოგიური/ექსტრემალური პირობებით ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვები;

გ) სკოლაში მიმდინარე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობისას ან გადაუდებელი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას;

დ) ცალკეულ საგანში/საგნებში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტი;

ე) ცალკეულ საგანში/საგნებში თანამედროვე ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა ან სკოლის მიერ სხვა დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში.

Facebook Comments

ახალი დადებული