წულუკიანი: სააკაშვილს ციხეში საუკეთესო კვება ექნება, ნედლი ხორცით და სეზონური ხილით

„მიხეილ სააკაშვილი ერთი ქარაფშუტა კრიმინალია“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის შეფასებით, როდესაც ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბოდიშის მოხდა დაიწყო, რასაც მინისტრის შეფასებით, სამართლებრივ ენაზე ჰქვია მძიმე დანაშაული, მის პოლიტდევნილობას წერტილი დაესვა.

„ბოლო დღეებში არაერთი პოლიტიკური უცნაურობა ვიხილეთ. ჩვენ ვესწრებით რეალურად აღიარებების კასკადს, რომელიც გახსნა მიხეილ სააკაშვილმა. როდესაც მან თქვა, რომ უამრავი შეცდომა ჩაიდინა, ბოდიშს იხდის, რეალურად ამას შეცდომები არ ჰქვია, სამართლებრივ ენაზე, ამას ჰქვია მძიმე დანაშაულები. როდესაც ის ამას აღიარებს, ვფიქრობ, საბოლოოდ დაესვა წერტილი იმას, რომ ის თითქოს პოლიტდევნილია. სააკაშვილი რომანტიულად ცდილობს ამ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები.

მიხეილ სააკაშვილი ერთი ქარაფშუტა კრიმინალია. სხვა ქვეყნებში ზოგიერთი ისტორიული კრიმინალია, რომლებიც ჭკვიან კრიმინალებად ითვლებიან, ეს არის ქარაფშუტა კრიმინალი, მასე დრო არ უნდა დავხარჯოთ“, – აცხადებს თეა წულუკიანი „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მინისტრი აქვე დასძენს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იქნება. მას კვებაც კარგი ექნება.

„დღევანდელი ციხე იმართება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. მას ექნება საუკეთესო კვება, ნედლი ხორცით და სეზონური ხილით ვკვებავთ პატიმრებს, რამდენიმე ტიპის მენიუ შევიმუშავეთ.

როდესაც დაღლილი პოლიტიკოსები ციხეში შედიან, იქიდან ნაკვები და მოსუქებულები გამოდიან“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Facebook Comments

ახალი დადებული