თამარ გაბუნია: აჭარაში შემთხვევების მატება გამოიწვია ზედმეტად მოშვებულმა დასვენების სეზონმა

აჭარაში შემთხვევების რაოდენობა მეტია და ეს გამოიწვია ზედმეტად მოშვებულმა დასვენების სეზონმა, როდესაც დავივიწყეთ წესები, რომლებიც უნდა დაგვეცვა. გასაგებია, შედეგმა არ დააყოვნა და ახლა გვაქვს ის მდგომარეობა, რაც გვაქვს. ახლა მთავარია, ვმართოთ ეს აქტიურად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ კონტაქტებისა და პირველწყაროს იდენტიფიცირება გარკვეულ შემთხვევაში ვერ ხერხდება, ეს საგანგაშო ნიშანია, რომ მეტი ყურადღება და აქტიური ჩარევებია საჭირო საზოგადოებაში კორონავირუსის პრევენციისთვის.

მისივე თქმით, აჭარის შემთხვევაში ახლა მთავარი გადამწყვეტი ისევ და ისევ მომდევნო ორი კვირა იქნება.

„ახლა გვმართებს აქტიურობა შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით და ასევე წესების დაცვა. ამ შემთხვევაში ის, რომ ტოტალური კარანტინი გამოცხადდეს რომელიმე რეგიონში, ამაზე საუბარი არ არის, თუმცა ეპიდემიას უნდა დავაკვირდეთ. გამკაცრდა წესები და ეს წესები უნდა დავიცვათ. ის, რომ თავშეყრა არ შეიძლება და ამ პირობებში განსაკუთრებით არ შეიძლება, რადგან თითოეული ჩვენგანი პოტენციური რისკის მატარებელია და ასევე მიმღებია ამ რისკის“, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს.

Facebook Comments

ახალი დადებული