ირაკლი გოგავა „უცნობის“ ტელევიზიაში ანალიტიკურ გადაცემას წაიყვანს

ყოფილი პარლამენტარი, საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძანელი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ტელეკომპანია “ქართულ არხზე” გადაცემას წაიყვანს, -ამის შესახებ ირაკლი გოგავამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ანალიტიკური გადაცემა “რეალური პოლიტიკა” ყოველ კვირას, 22:00 საათზე გავა და განსაკუთრებული ყურადღება ამერიკის არჩევნებს დაეთმობა.

„8 პოლიტიკურმა პარტიამ შემომთავაზა თანამშრომლობა არჩევნებთან დაკავშირებით. ყველას დელიკატური უარი ვუთხარი, რადგან ვერ ვხედავ რეალური პოლიტიკის გასატარებლად საჭირო ფონს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო ვითარება არ არის მზად მკვეთრი და ყოველმხრივი განვითარებისთვის, დამოუკიდებლობის უფრო მაღალი ხარისხის დაუყოვნებლივ მოსაპოვებლად. თვითმყოფადი, ეროვნულ ინტერესებზე ზედმიწევნით მორგებული იდეოლოგიის გარეშე პოლიტიკას საერთოდ აზრი არ აქვს და მას ვერც ვუწოდებთ პოლიტიკას. ეს უფრო კომფორმისტების ძიძგილაობაა “ტორტის” უკეთესი ნაჭრის მოსაპოვებლად, რაც მოაზროვნე მამულიშვილს არ უნდა აინტერესებდეს. იმედი მაქვს, რომ აგრესიული ლიბერალიზმის ბაცილის დაძლევასთან ერთად, ჩამოყალიბდება ეროვნული პროექტის კონსენსუსი ქართულ საზოგადოებაში და ამას ყოველდღიური ბრძოლა, მართალი სიტყვის ტირაჟირება, ყალბი ორიენტირების დანგრევაც მოყვება – როგორც შედეგი. ეს პროცესი კი პირდაპირ კავშირშია აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო რბოლასთან და მის რეზულტატებთან.

აქედან გამომდინარე, სიამოვნებით დავთანხმდი გია გაჩეჩილაძის, ‘უცნობი’-ს შემოთავაზებას, მისი გუნდის მიერ მართულ ტელევიზიაში “ქართულ არხი” წავიყვანო საგარეო-პოლიტიკური გადაცემა, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას ამერიკის არჩევნებს დავუთმობთ. უყურეთ “ქართულ არხს” ყოველ კვირას, 22:00 საათზე, გადაცემა “რეალური პოლიტიკა”. შევეცდებით ის ინფორმაცია და ანალიზი მოგაწოდოთ, რომელსაც ლიბერალური მედია გვიმალავს.“,-წერს ირაკლი გოგავა.

Facebook Comments

ახალი დადებული