აშშ-ის მთავრობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ივნისში პოლიციამ დემონსტრანტები კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნათქვამია, რომ ქუჩის საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში ხშირი არ არის, ხოლო 2019 წლის ივნისში, როდესაც დემონსტრანტების მიერ განხორციელდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციამ კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ყურადღებაა გამახვილებული რუსეთი მხრიდან სამხედრო აგრესიაზე და ნათქვამია, რომ ოკუპაცია დღემდე გრძელდება თავისი ნეგატიური შედეგებით და მძიმე დარღვევებით, რომელიც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემა ფუნქციონირებს გამჭვირვალედ და საერთაშორისო ნორმების დაცვით.

გასული 10 წლის განმავლობაში, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაფიქსირებულია 10-ზე მეტი აშშ-ის მოქალაქის ჩართულობით საინვესტიციო დავები, თუმცა აღნიშნული ისტორიის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა არამართლზომიერი ქმედება უცხოელ ინვესტორთა წინააღმდეგ. ხაზგასმულია, რომ 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაძლიერდა საპარლამენტო ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მოყვანილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2019 წლის ანგარიში, სადაც საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების გამჭვირვალობის კუთხით. ხაზგასმულია აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების როლი და მოყვანილია ისეთი მსხვილი საინვესტიციო პროექტები, როგორიც არის მაგალითად Pace ტერმინალისთვის და ლიბერთი ბანკისთვის გამოყოფილი დაფინანსება და ინვესტიციები.

“ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი მზად ვართ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას მიზანმიმართულად უმტკიცებდნენ სრულიად საპირისპიროს, ვიდრე ამ ანგარიშში არის მოცემული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მიგვაჩნია, რომ მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს და ბრალდებებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის თითქოს ბიზნესის განვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ცალსახად აღნიშნულია, რომ ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული