გიორგი ვაშაძე, კოვიდინფიცირებულ თაკო ჩარკვიანთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაში იმყოფება.

გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „კანონი და სამართალის“ ერთ-ერთ ლიდერთან, თაკო ჩარკვიანთან, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოლოს 12 დღის წინ ჰქონდა კონტაქტი.

„ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს. სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონავირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა, მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ.

მიუხედავად ამისა, ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი; პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში. თაკოსთან ყველა კონტაქტში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან. იმედი მაქვს, იქნება საკმარისის ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის”,-წერს ვაშაძე.

შეგახსენებთ, „კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტუდა. თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო. როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ის და ლევან გოგიჩაიშვილი ერთ-ერთ გადაცემაში ერთად იმყოფებოდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული