ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ხედვა, რომელიც მაქსიმალურად წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისა და სოციალური პოლიტიკის განხორციელების საშუალებას მოგვცემს

„ჩვენთვის ეკონომიკა, ადამიანების სოციალური მდგომარეობა მთავარი გამოწვევაა. რა თქმა, უნდა წლები სჭირდება იმას, რომ საბოლოოდ გავანულოთ სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ “იმედის“ ეთერში.

მისი ინფორმაციით, სიღარიბის მაჩვენებლის სტატისტიკა 2012 წელს იყო 30%, 2019 წლის მონაცემებით- 19, 5%.

„თუმცა ესეც არის ძალიან მძიმე ციფრი, გამომდინარე იქედან, რომ მოსახლეობის 19, 5 % ნიშნავს 700 000-ზე მეტ თანამოქალაქეს, რომელიც ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. სამწუხაროდ, პოზიტიური დინამიკიდან ამოგვაგდო პანდემიამ. ჩვენი ამოცანაა მომავალი წლის ბოლოსთვის იმ ნიშნულზე დაბრუნება (მათ შორის, ეკონომიკის, მთლიანი შიდა პროდუქტის კუთხით), რაც გვქონდა პანდემიამდე.

მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება, მთავრობას ჰყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი და პარლამენტს ეყოლება ძლიერი ეკონომიკური გუნდი, რაც იქნება ძალიან კარგი წინაპირობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწორი პოლიტიკა შევიმუშაოთ. მას შემდეგ, რაც დაპირება გავეცით 2016 წლის არჩევნებში, მოვახერხეთ დაახლოებით 40%-ით ეკონომიკის გაზრდა. 15 მილიარდი ლარით გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა. იმედი გვაქვს, რომ ეს დინამიკა იქნება კიდევ უფრო სწრაფი და ინტენსიური, რაც საშუალებას მოგვცემს სიღარიბის მაჩვენებელი რადიკალურად შევამციროთ.

განულება საკმაოდ არარეალური ამოცანაა 2024 წლისთვის, თუმცა არსებითი და რადიკალური შემცირება, თუნდაც ერთნიშნა მაჩვენებელზე ჩამოყვანა, არის აბსოლუტურად რეალური, თუ გვექნება სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და გუნდი.

ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს ხედვა (რომელსაც წარვუდგენთ საზოგადოებას უახლოეს მომავალში საარჩევნო პროგრამის სახით), რაც მოგვცემს საფუძველს, რომ მაქსიმალურად წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალური პოლიტიკა განვახორციელოთ. მთავარი არის ზოგადი მიდგომა. ზოგადი მიდგომა, რომელიც აქვს „ ქართულ ოცნებას“ და რითაც განვსხვავდებით წინამორბედებისგან, არის ის, რომ ჩვენი პოლიტიკა მაქსიმალურად ადამიანზეა ორიენტიებული. ჩვენი ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი რადიკალურად გაიზარდა და თითქმის სამმაგი ზრდა გვაქვს ხარჯების თვალსაზრისით. გარდა ეკონომიკური ზრდისა, ესეც გახდა ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება 10%-ით. ამ მიდგომით მუშაობა უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული