,,ასეა თუ გიწერია გადარჩენა, გადარჩები თუ არა და არა.”-ნინო მამულაშვილი

,,უცნაური (ნამდვილი) ამბავი

ეს ფოტო 10 წლის წინაა გადაღებული სოფელში.
ახლა მინდა მოგიყვეთ იმაზე,თუ რამხელა სიცოცხლის სურვილის კოდია ჩადებული მცენარეში,რომელიც უკვე გგონია ვერასოდეს გაცოცხლდება.
ეს პალმა ნახევარ მეტრამდე იქნებოდა რომ ვიყიდე,ჩავრგე მოზრდილ ქოთანში და ლოჯში მთელი წელი ხარობდა,მერე უმზეობის გამო და იმის გამო,რომ პალმა არაა ოთახის მცენარე,ნელნელა ჩამოჭკნა და ზამთრის დასაწყისში მთლად მოიწყინა,ფაქტიურად ბოლო ფოთოლი ნოემბრის დასაწყისში გაუხმა…რა არ ვცადე რომ გადამერჩინა,მაგრამ ვერაფერი ვუშველე,დარჩა მხოლოდ ძირი მიწაში.

ქოთანი რომ გამეთავისუფლებინა თითქმის გამხმარი ძირი ამოვიღე მიწიდან,ჩავდე ცელოფანში და გადავაგდებთქო ვიფიქრე,დავდე აივნის კარადაში…ასე დამრჩა მარტის თვემდე.
გაზაფხულზე სოფელში წავედით,კარადიდან გამოვიღე ქილები კომპოტებისთვის ,ავიღე ცელოფანი და ვფიქრობ ეს ნეტავი რა არის თქო,ანუ გადამავიწყდა გადაგდება…სხვა ნივთებთან ერთად ჩავდე საბარგულში იმის ფიქრით,რომ გზაში ურნაში გადავაგდებთქო….რა თქმა უნდა გადამავიწყდა კიდევ ერთხელ გადაგდება და სოფელში რომ ჩავედი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გულდაწყვეტილმა ეზოში ,,დავასაფლავე,,

გავიდა ორი თვე,მე რა თქმა უნდა არანაირად აღარ მახსოვს ჩემი პალმა.
ერთ დღესაც ჩემი სამივე შვილი ეზოში თამაშობენ,მე ვზივარ აივანზე და ვუყურებ ყურადღებით.უცებ გაზონზე რაღაცამ მიიქცია ჩემი ყურადღება. გავიფიქრე ეს ხანჯალი ვინ ჩაარჭო მიწაში,რა ცუდადაა ბავშვებისთვის საშიშია თქო,ავდექი,გაკვირვებული ვუახლოვდები ,,ხანჯალს,,და….რას ვხედავ…პალმა გაცოცხლებულა და მიწიდან გამარჯვებულივით ამოუტყორცნია ტოტი.გადავირიეთ ყველა,გავოცდით,გავოგნდით,ნუთუ ასეთი რამ ხდება ბუნებაში,რამდენჯერ გადაგდებას გადაურჩა სრულიად შემთხვევით და თურმე ცოცხალი ყოფილა.

ბევრი რომ აღარ მოგაბეზრით თავი ერთ წელში სახლის წინ გადმოვრგე ახლა მესამე სართულამდეა ასული,ზამთარში რომ არ გაყინვოდა ძირი სიმინდის ფუჩეჩებში ვახვევდით.
დგას სიკვდილსგადარჩენილი პალმა ახლა სოფელში,იქ,სადაც პალმა წესით არ ხარობს,ან ძალიან უჭირს გახარება…

ვერ ვხსნი ამ ფენომენს,უბრალოდ ადამიანის ცოდნა,ფიქრი და აზროვნება სადამდეც გაწვდება იმას ვფიქრობ_ვფიქრობ ცელოფანში შეფუთვამ გადაარჩინა სასიცოცხლო წვენი და ძალები დააკონსერვა,ხოლო შემდეგ დედამიწამ დედასავით ჩაიკრა გულში და გამოაშუშა.თან იმასაც ვფიქრობ,ადამიანის ბედივითაა ეს ყველაფერი,უბრალოდ საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდა და გადარჩა…გადარჩა ოღონდ ახლა უკვე უჩემოდ აგრძელებს სიცოცხლეს ერთ დროს ჩემს ბუდეში…ახლა ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ულამაზებს ეზოს.
აი, ასეა თუ გიწერია გადარჩენა,გადარჩები
თუ არა და არა.”=წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი, ნინო მამულაშვილი

Facebook Comments

ახალი დადებული