ონლაინ განათლების პროცესის თანმდევი უარყოფითი მხარე-დააკვრდით ბავშვის ქცევებს, შესაძლოა, ონლაინ ბულინგის მსხვერპლი იყოს

ინტერნეტთან წვდომის გარეშე სრულფასოვანი განათლების მიღება და განვითარება რთულად წარმოსადგენია, ამასთანავე ამ პროცესს თანმდევი უარყოფითი მხარეებიც აქვს.
ერთ-ერთი უარყოფითი მხარე კიბერბულინგია, რომლის მსხვერპლიც, შესაძლოა ნებისმიერი ბავშვი აღმოჩნდეს.

“ბავშვობა” ზრდისა და ცვლილებების პერიოდია.
მოზარდები, თავისთავად, ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებულები და არ იციან როგორ მოერგონ და მართონ სიტუაციები.
ისინი საკუთარი თავის დასამკვიდრებლად ცდილობენ რაც შეიძლება კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ თავიანთ მეგობრებზე.
ძირითადად, ზედმეტი გულახდილობისა და ნდობის ხარჯზე, ხშირად ექცევიან თანატოლთა გავლენის ქვეშ.
მაგალითად, არის შემთხვევები როცა მეგობრისთვის გადაგზავნილი ფოტო, ვიდეომასალა თუ გულახდილი საუბრის ტექსტი ერთმანეთის წინააღმდეგ ბულინგის საშუალებად გამოიყენება.

ბავშვი ონლაინ ბულინგის მსხვერპლია თუ :
ის უარს ამბობს კომუნიკაციაზე და იკეტება საკუთარ თავში;

თქვენი ან ვინმე სხვა ადამიანის დანახვისთანავე თიშავს კომპიუტერს, რათა შეუმჩნეველი დარჩეს მისი აქტიურობა ამ სივრცეში.

შესაძლოა მან მოულოდნელად საერთოდ უგულებელყოფს ინტერნეტით სარგებლობაც.

ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ ბავშვის შეცვლილი ქცევები, უჩვეულო შფოთვა, ჰიპერაქტიურობა და ძილის რეჟიმის დარღვევა.

ონლაინ ბულინგის პრევენციისთვის,
პირველ რიგში, უპრიანია ვიმუშაოთ ბავშვის ცნობიერების ამაღლებაზე – ესაუბრეთ შვილებს ღიად და გულწრფელად იმაზე, თუ რა არის ონლაინ ბულინგი და რა საფრთხეებს შეიცავს ის.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია შვილებთან გულწრფელი დამოკიდებულება.
აჩვენეთ მათ, რომ შეუძლიათ გენდონ!
დაანახეთ და აგრძნობინეთ, რომ ერთად ყველანაირი პრობლემის მოგვარებას შეძლებთ.
საუბრის პროცესში თქვენი თავი მეგობრის როლში დაანახეთ.
ამით მას საკუთარ თავს დამნაშავედ და მარტოსულად არ აგრძნობინებთ.
ამ მეთოდით ბავშვები მშობლებთან საუბრისას თავს მეტად კომფორტულად იგრძნობენ, რადგან იციან, რომ მათ მოუსმენენ და ბრალს არ დასდებენ.

დააკვირდით შვილის ქმედებებს და არ უგულებელყოთ მისი შეცვლილი ქცევები.
ამავდროულად, აკონტროლეთ ინტერნეტით სარგებლობის დრო და დაუწესეთ ლიმიტი.
ეს პროცესი წარმართეთ მეგობრული განწყობით და ინტერნეტით სარგებლობის ნაცვლად, სხვა რეალური აქტივობები შესთავაზეთ.

და მაინც, თუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ რაღაც ცუდი ხდება – ბავშვს ვიღაც აშინებს ან რაიმეს გაკეთებას აიძულებს – აუცილებლად მიმართეთ პოლიციას!,-წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული