ტვინდემია – როგორ მოვემზადოთ სეზონური გრიპის აფეთქებისთვის კოვიდ19- ის ფონზე

გვიახლოვდება გრიპისა და გაციების სეზონი. ადრე ეს ნორმალური იყო, თუმცა, როგორც ჩანს“, 2020 წელს ნორმალური არაფერი ხდება. არ არსებობს მცირე შანსიც კი, რომ ახალი კორონავირუსი უახლოესი 2 თვის განმავლობაში სადმე გაქრება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გველის ტვინდემია – პანდემია, რომელიც ორ ვირუსს აერთიანებს, დაავადების პოტენციურად მძიმე მიმდინარეობით.

რა ხდება, როდესაც ორგანიზმში ერთმანეთს ორი სხვადასხვა ინფექცია ხვდება? როგორ შეგვიძლია, მოვემზადოთ ტვინდემიისთვის, და რა იწვევს ექსპერტების შეშფოთებას? ამ კითხვებით გამოცემა huffpost.com-მა ექიმებს და ეპიდემიოლოგებს მიმართა.

ვიწყებთ კარგი ამბით: გრიპით დაავადება შესაძლოა, გაცილებით შემცირებული იყოს, ვიდრე ჩვეულებრივ დროს, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ ზომები ნამდვილად მუშაობს და არა მხოლოდ კოვიდ19-სთვის. დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში, სადაც გრიპი ტრადიციულად ყველაზე ადრე იწყებს გავრცელებას, დაავადების დაბალ მაჩვენებელს უკვე ვხედავთ. ეს ლოგიკურია: ადამიანები სიფრთხილეს იცავენ, ხშირად იბანენ ხელს, ატარებენ ნიღბებს და არ დადიან დიდ თავყრილობებზე. სავსებით მოსალოდნელია, რომ გრიპით წელს ჩვენც ნაკლებად დავავადდეთ, თუ ასე გავაგრძელებთ.

თუმცა, შესაძლოა, უფრო ნაკლებმა ადამიანმა მოინდომოს გრიპის წინააღმდეგ აცრა, რადგან კორონავირუსის გამო, შეეშინდებათ სამკურნალო დაწესებულებებში მისვლა, რაც დარტყმის ქვეშ დააყენებს მოსახლეობის მოწყვლად ნაწილს- ასაკიანებს, ფეხმძიმეებს და ბავშვებს. მათში სეზონური გრიპი ხშირად გართულებებით მიმდინარეობს.

ექპსერტები ფსიქიური დაავადებების გახშირებასაც ვარაუდობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, პრობლემა უფრო გაღრმავდება, რადგან სოციალური აქტივობა დაბალი იქნება და მოიმატებს პანდემიის შიში. COVID-19 -ის პანდემიამ დარტყმის ქვეშ დააყენა არა მხოლოდ ჯანდაცვა და ეკონომიკა, არამედ საზოგადოების ფსიქიური მდგომარეობა.

სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანებს გრიპისა და  COVID-19-ის სიმპტომები ერთმანეთში აერიოთ

​COVID-19 -ის ბევრი სიმპტომი გრიპის სიმპტომს ემთხვევა. ორივე ვირუსული ინფექცია ერთნაირად ვლინდება:

შეციება, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა, დაღლილობის შეგრძნება, სურდო და გაჭედილი ცხვირი, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი.

ადამიანები, ვინც გასულ წელს სახლში დარჩებოდნენ გაციებისგან გამოჯანმრთელებამდე, ახლა ექიმთან წავლენ იმის შიშით, ხომ არ დაემართათ კორონავირუსი. ექიმები ამბობენ , რომ არსებობს ერთი მთავარი განსხვავება- კორონავირუსის დროს ადამიანს ეკარგება გემოსა და ყნოსვის შეგრძნება. თუ ცუდად გახდით, მაგრამ არ დაგიკარგავთ ეს შეგრძნებები, იმას არ ნიშნავს, რომ ექიმს არ მიმართოთ. გრიპიც საკმაოდ საშიში დაავადებაა, თუ გართულდა. კორონავირუსი კი, ყოველთვის ტიპურად არ მიმდინარეობს.

ორმაგი ინფექცია ეკონომიკაზეც გავლენას მოახდენს.

ზაფხულში ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, ღია სივრცეში მივირთვათ ყავა, დავისვენოთ ვერანდაზე, ან გავიდეთ პლაჟზე. ზამთარში ძირითადად დროს დახურულ სივრცეებში ვატარებთ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ორივე ინფექციის გავრცელების საფრთხეს. შემოდგომაზე მოსალოდნელია, კვლავ დაწესდეს შეზღუდვები ეს კი იმას ნიშნავს, რომ მცირე ბიზნესი და მომსახურების სფერო კიდევ უფრო დაზარალდება.

ჩვენ უკვე დაგვღალა 2020-მა წელმა, სეზონის ბოლოს კი, ეს გრძნობა კიდევ უფრო გამძაფრდება. ამიტომ, ადამიანები უფრო იშვიათად იხმარენ ნიღბებს, სანიტაიზერებს, რაც სავალალო შედეგს გამოიღებს.

ბევრ ქვეყანაში გაზაფხულმა დაგვანახა, რა ჩქარა შეიძლება შეივსოს საავადმყოფოები, გათავდეს ექიმებისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ასევე ხელოვნური სუნთქვის აპარატები. დაავადების აფეთქების დროს სამკურნალო დაწესებულებები თავადაც ინფექციის გავრცელების წყარო ხდება. კორონავირუსს დაამატეთ გრიპი და დაუდევრობა… და მიიღებთ პრობლემას.

მაშ როგორ დავიცვათ თავი ტვინდემიისგან?

თუ გინდათ, დაიცვათ თავი და ახლობლები შემოდგომასა და ზამთარში, ექიმების მთავარი რეკომენდაციაა, აიცრათ სეზონურ გრიპზე. ამის გაკეთება მნიშვნელოვანია ყოველ წელიწადს. მაგრამ ახლა განსაკუთრებით. ვაქცინაცია გიცავთ არა მხოლოდ უშუალოდ თქვენ, არამედ წყვეტს ინფიცირების ჯაჭვს და იცავს მოწყვლად ადამიანებს, აგრეთვე მათ, ვინც ვაქცინას ვერ იკეთებს.

გრიპზე აცრა იმას არ ნიშნავს, რომ ავად არ გახდებით, მაგრამ საკმაოდ ამცირებს ამ შესაძლებლობას, და გიცავთ მძიმე გართულებებისგან.

არ უნდა დაივიწყოთ მიკსტ-ინფექციის ეფექტი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში ხვდება ორი ან მეტი პათოგენი, რომელთაგან ყოველი იწვევს თავის ანთებით პროცესს. მიკსტ-ინფექცია საკმაოდ ვერაგია, მას შეუძლია ორგანიზმში მძიმე პროცესები გამოიწვიოს, რომელიც მკურნალობას ძნელად ექვემდებარება.

გრიპიც და კორონავირუსიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, ორივე საშიშია სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის. თუ თქვენ არ მიეკუთვნებით რისკჯგუფს, პროფილაქტიკური ზომების დაცვა გარშემომყოფებსაც დაიცავს. 

თუ თქვენ საშინლად გადაიღალეთ ნიღბებისა და სანიტაიზერებისგან, გთხოვთ, გამოიყენოთ ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გზა, რომელზეც პლანეტა მოძრაობს, საკმაოდ საშიში და მძიმეა, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით ადამიანებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ ნორმალურ და უსაფრთხო ცხოვრებას, 

Facebook Comments

ახალი დადებული