გამყრელიძე: თავი მოგაწყინეთ პირბადესა და დისტანცირებაზე საუბრისგან…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.

გამყრელიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სხვადასხვა რეგიონებში. გამყრელიძის თქმით, ვირუსის ზრდა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, პროგნოზირებადი იყო.

„მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სხვა რეგიონებში. ამ ეტაპზე მშვიდად გამოიყურება სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, საკმაოდ კარგად იმართება სიტუაცია სამეგრელოში, იმერეთში, სადაც 1 დიდი კლასტერი გვაქვს და მთლიანად ამოვწურეთ 32-ე სკოლის მასწავლებლების და მასთან დაკავშირებული 77 კონტაქტის კვლევა. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.

ვირუსის ზრდა, რომელიც დღეს გვაქვს, მოგეხსენებათ რომ პროგნოზირებადი იყო, როდესაც ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდა. პროგნოზირებადი იყო, რომ ეს მოხდებოდა აჭარის რეგიონში, ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა იყო კონცენტრირებული ბათუმსა და აჭარის რეგიონში.

სამწუხაროდ, ჩვენ მოვეშვით და არ ვიცავთ ძირითად რეკომენდაციებს, რაც აუცილებელია. მესმის თავი მოგაწყინეთ პირბადეზე და სოციალური დისტანცირებაზე საუბრისგან, მაგრამ სხვა უფრო ღირებული ინტერვენცია და იარაღი კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ არ არსებობს“, – დასძინა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, 14 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

Facebook Comments

ახალი დადებული