დომინიკ ტიმმა 0:2-დან მოიგო ფინალი და აშშ-ის ღიას ახალი ისტორია დაწერა (ვიდეო)

ფანტასტიკური ფინალით დასრულდა აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირი. დომინიკ ტიმმა ისტორიული „ქამბექი“ შეასრულა ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ და ოთხ საათსა და ხუთ წუთში ხუთ სეტში მოიგო გადამწყვეტი მატჩი – 2:6, 4:6, 6:4, 6:3, 7:6(6). ეს იყო ამერიკის ღია პირველობის პირველი ფინალი, რომლის ბედი მეხუთე სეტის ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. 27 წლის ტიმი გახდა პირველი მოთამაშე, ვინც აშშ-ის ღიას ფინალი ორი სეტის ჩამორჩენის შემდეგ მოიგო. გარდა ამისა, ის არის „დიდი სლემის“ პირველი ჩემპიონი, ვინც 90-იან წლებში დაიბადა და რიგით 55-ე ჩემპიონი „დიდი სლემის“ ტურნირებზე.

ტიმმა გაცილებით დამაჯერებლად გაიარა ფინალამდე გზა, ვიდრე ზვერევმა, ამიტომაც ფავორიტად ავსტრიელი მიიჩნეოდა. ნახევარფინალში ზვერევს 0:2-დან მოუწია ესპანელ პაბლო კარენიო ბუსტას დამარცხება, მაგრამ ახლა, მსგავს სიტუაციაში ტიმი აღმოჩნდა, რომელიც სეტებში 0:2-ს აგებდა, მეხუთე სეტში კი 3:5 ჩამორჩა და მისი მეტოქე მატჩზე აწვდიდა.

ამ კრიტიკულ მომენტში ტიმმა უკუბრეიკის იოლად აღება შეძლო, შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და 6:5-ზე თავად მიიღო მატჩზე ჩაწოდების უფლება, მაგრამ ზვერევმაც არ მისცა ამის საშუალება. ამიტომაც, ფინალის ბედი ტაი-ბრეიკს უნდა გადაეწყვიტა, რომელშიც მინი-ბრეიკით ჯერ გერმანელი დაწინაურდა, შემდეგ ტიმი გავიდა წინ და ორმაგი მატჩბოლი მიიღო. ზვერევმა 4:6-ზე ზედიზედ ორი ბურთი მოიგო, მაგრამ 6:6-ზე მინი-ბრეიკი მისცა მეტოქეს და ტიმმა რიგით მესამე მატჩბოლი გამოიყენა.

ტიმმა რვა ეისი და რვა ორმაგი შეცდომა შეასრულა (ზვერევს 15 ეისი და 15 ორმაგი ჰქონდა), პირველი მოწოდებით ქულების 68 პროცენტი (ზვერევმა – 70%) მოიგო, 13-დან შვიდი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა (ზვერევმა – 18-დან რვა), 43 „ვინერსი“ დააგროვა და 55 უნებლიე შეცდომა (ზვერევმა – 52 და 65).

ტიმისთვის ეს იყო „დიდი სლემის“ მეოთხე ფინალი და პირველი მოგება, ზვერევი კი კარიერაში თავის პირველ ფინალს თამაშობდა „დიდ სლემზე“.

Facebook Comments

ახალი დადებული