2020 წლის არჩევნებზე დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენა აღარ მოეთხოვება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა აღარ მოეთხოვება. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი არიან.

მოქმედი კანონმდებლობა სწორედ მსგავს ვალდებულებას ითვალისწინებს, კანონპროექტით კი განისაზღვრება, რომ თუ პირი ამ მუხლის ამოქმედებამდე პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდა მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობის გამო, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან სამ დღეში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში.

ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირი ვალდებულია, შესაბამისი კენჭისყრის დღიდან შვიდი დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება ცესკო-ს მიერ ამ კანონის საფუძველზე განსაზღვრულ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებაში და ამავე ვადაში წარუდგინოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა იმ საარჩევნო კომისიას, სადაც გატარდა იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა არ მოუწევს სავარაუდოდ 9 000-მდე პირს.

ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

Facebook Comments

ახალი დადებული