ერთ კონცერტში 10-20 ათასს ვეღარ იღებენ და ახლა გაახსენდათ, რომ ქვეყანაში გაჭირვებაა

ვერავინ იტყვის, რომ სოციალურმა დისტანცირებამ შედეგი არ გამოიღო, გავიხედოთ სომხეთში- 40 000 შემთხვევა, გავიხედოთ აზერბაიჯანში -35 000 შემთხვევა, სოციალურმა დისტანცირებამ თავისი საქმე გააკეთა, მაგრამ ჩამოიშალა ის, რაც ბოლო პერიოდში აეწყო- ტურიზმი და მომსახურების სფერო,-ამის შესახებ ჟურნალისტმა ლაშა მესხმა ტვ-პირველის გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის პრობლემები კორონას დროს არ დაწყებულა, ის უბრალოდ, გაშიშვლდა, ამ ყველაფრის წამალი კი, არის სამოქალაქო სოლიდარობა. ხელისუფლების მხრიდან კი, სწორი მიდგომაა საჭირო. 

„ვუყურებ, გამოდიან შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც იღებდნენ ერთ კონცერტში 10-20 ათას ლარს და დღეს ვერ იღებენ, რეგიონებში ამ 10-20 ათას ლარად ადამიანები 2-3 წელი ცხოვრობენ. ისინი 200-300 ლარზე მუშაობენ. სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობის განცდა არ უნდა გაგვახსენდეს, როდესაც ჩვენ ვერ ავიღებთ 10-20 ათას ლარს სიმღერაში და ახლა გაგვახსენდა, რომ თურმე ქვეყანაში გაჭირვებაა. გაჭირვება ქვეყანაში იყო კორონამდეც, და სამწუხაროდ, კორონას მერე უარესი იქნება. მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერის წამალი არის სამოქალაქო სოლიდარობა. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც მე ვეღარ წავიღებ კონცერტიდან 10 000 ლარს სახლში, მაშინ კი არ უნდა გამახსენდეს, რომ ტყიბულში ვიღაც მეშახტეს შვილი უკვდება. ჩვენ ხომ ყველანი შევიკეტეთ ფეშენებლურ სახლებში, გუდვილი დავცალეთ, ტუალეტის ქაღალდები მოვიმარაგეთ.

იტალია დაიკეტა და საქართველოში დარჩნენ ადამიანები მშივრები. ანუ იტალიიდან გამოგზავნილ ფულზე დგას ჩვენი ეკონომიკა. ბანკებმა ქართველ ხალხს სული ამოხადეს და ახლა პოლიტიკაში უნდათ მოსვლა. მთავარი კი ის არის, რომ სოციალური დისტანცირება არც ივანიშვილის მოგონილია, არც გამყრელიძის, და არც იმიტომ  ხდება ეს ყველაფერი, რომ მიშამ დააანონსა ჩამოსვლა. შენ დღეს მოგშივდა და ყვირი და მე 10 წელია ვყვირი, რომ ადამიანებს შიათ. ოღონდ ამას კონცერტებზე კი არა, აქციებზე ვაკეთებ“,-განაცხადა ლაშა მესხმა.  

Facebook Comments

ახალი დადებული