იყო ვერსია, თითქოს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ავტოფარეხში იყო შეყვანილი, რაც გამოირიცხა, ავტოფარეხის კარი ერთ მეტრზე მეტად არ იღებოდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დღეს კონკრეტულ ლოკაციაზე, კერძო საცხოვრებელი სახლისა და საკალმახე მეურნეობის დათვალიერება მოხდა.

პროკურორი ამბობს, რომ ამ ადგილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შემხებლობა არ აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ამოღებულ იქნა ნივთები. ნივთებს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

ერთ-ერთი ვერსიით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი ავტოფარეხში იყო დამალული, თუმცა პროკურორი ამბობს, რომ ეს ვერსია გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი ერთ მეტრზე მეტად არ იღებოდა და შესაბამისად, მანქანა ვერ შეეტეოდა.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს არის რაღაც „ვილა ალგეთის“ ტერიტორია, არანაირი „ვილა ალგეთი“ არ არის. ეს არის კერძო საცხოვრებელი სახლი. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, დათვალიერდა კერძო საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხი და პირის საკალმახე მეურნეობა.

რაც შეეხება ამოღებულ ნივთებს, ამ ადგილს საქმეში არსებული მტკიცებულებებით, თამარ ბაჩალიაშვილთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. ამოღებული ნივთებითაც, ამ ნივთების წარმომავლობა, კვალი, არანაირ შემხებლობას არ გვაძლევს. მიუხედავად ამისა, ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ამოვიღეთ ნივთები საკალმახე მეურნეობის სადგომიდან, ოთახიდან ამოღებული იქნა: ბალიში, საბანი, იყო შეშის ფეჩი, საიდანაც ნახშირის ნიმუში იქნა ამოღებული, ასევე ამოვიღეთ რეზინის ფეხსაცმელი, ხის დაფა.

რაც შეეხება ავტოფარეხს, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ავტოფარეხი. იყო ვერსია, რომ თითქოს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იყო შეყვანილი ამ ავტოფარეხში, ეს ვერსია გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი ერთ მეტრზე მეტად არ იღებოდა, გაფუჭებული იყო მექანიზმი. პატრონიც არ იყენებდა. კარის გაღების შედეგად დავრწმუნდით, რომ ერთ მეტრზე მეტ მანძილზე ფიზიკურად კარი ვერ გაიღებოდა, რა მანქანის დამალვაზეა საუბარი, მანქანა ვერ შეეტეოდა ფიზიკურადაც.

შესაბამისად, მტკიცებულებითი ღირებულების თვალსაზრისით, ეს ნივთები, რაიმე ინფორმაციის მატარებელი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამაზე დავნიშნავთ შესაბამის ექსპერტიზას და ექსპერტიზის პასუხებიც გახდება ცნობილი“,- აღნიშნა ლაშა კოტერიკაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული