„გაუშენებია კიევში ვაზი და იმას მიხედოს, კახელებს თავი დაგვანებოს“ – კახელი მევენახეები სააკაშვილის მიმართვაზე

კახელი მევენახეები ირონიულად უყურებენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებას სოციალური ქსელებით, რომ „შეინახონ სერტიფიკატები და როდესაც ის გახდება მთავრობის მეთაური, ჩაბარებულ ყურძენში დამატებით გადაუხდის კიდევ 80 თეთრს“.

„უკვე გვეცინება მაგ კაცის სიტყვებზე – რაც აქედან გაიქცა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, იმის მერე სულ მოდის, მოცურავს, მოფრინავს საქართველოში. აქ დაბრუნებული ჯერ არ გვინახავს. ახლა ყურძენზე ფულს დაგიმატებთო, ვის უნდა დააჯეროს ნეტავ? იმათ ხომ არა, კბილები რომ დააძრობინა, „ღიმილიანი საქართველოო“ და უკბილო დატოვა ხალხი. ყურძენიც ჩავაბარე, თანხაც ავიღე და ვერ დავპირდები სააკაშვილს, რომ საბუთს შევინახავ, რადგან არც ის მჯერა რომ ის პრემიერ-მინისტრი გახდება და არც ის, რომ ჩვენი ჯავრი აქვს ახლა იქ, კიევში“ – აცხადებს შოთა ბენაშვილი, მევენახე სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან.

სააკაშვილის დაპირებების არც გურჯაანელ მევენახეს სჯერა.

„მაგას რომ თავის ქვეყანა ჰყვარებოდა და მოსახლეობის ჯავრი ჰქონოდა, მოქალაქეობაზე არ იტყოდა უარს, არასად არ მიიღეს და არ ისვენებს, არ უნდა რომ სიმშვიდე იყოს აქ. ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, მაგრამ მეღვინეობაში სულ სხვა სიტუაციაა – იკითხოს აბა კახეთში რამდენი ახალი მარანი და საწარმო გაიხსნა, რამდენი უცხოელი ჩამოდიოდა საქართველოში და აქ სინჯავდა ქართულ ღვინოს. ეს ვენახები რომ შენდება და შენდება, მიწის გოჯი აღარ დარჩა, რომ ვაზი არ იყოს გაშენებული, ვისი დამსახურებაა? სააკაშვილის ნამდვილად არა. გაუშენებია კიევში ვაზი და იმას მიხედოს, კახელებს თავი დაგვანებოს“ – აცხადებს ომარ ცისკარაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლითაც ის ქართველ მევენახეებს მოუწოდებს, შეინახონ სერტიფიკატები, რომლებსაც მათ გადასცემენ და სააკაშვილის თქმით, ის აძლევს მათ პირობას, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს დამატებით მიეცემათ კიდევ 80 თეთრი და 80 თეთრის ნაცვლად ყველანი აიღებენ 1.60 თეთრს.

pia

Facebook Comments

ახალი დადებული