ზვიად კირტავა: უნდა გავაგებინოთ ადამიანებს, რომ სახლში ჩაკეტვა თუ არ გვინდა – ნიღბის ტარება, ხელების ხშირად დაბანა და დისტანცირება საკუთარი თავის და ახლობლების გადარჩენის აუცილებელი და არც ისე რთული ზომაა

სწორი ნაბიჯი მგონია მსუბუქი შემთხვევების მართვის საკარანტინო სივრცეებში გადატანა და 3200-იანი საწოლფონდის ძირითადად, საშუალო და მძიმე შემთხვევების სამართავად დატოვება, რაც ჯამში 10-15 000 ინფიცირებულის მართვის საშუალებას მოგვცემს,- კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიზეზებსა და შექმნილ ვითარებაში გამოსავლის გზებზე სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ზვიად კირტავას ესაუბრა.

მისი თქმით, სოციალური პასუხისმგებლობა ისევ უნდა ამაღლდეს. უნდა გავაგებინოთ ადამიანებს, რომ ახლა სახლში ისევ ჩაკეტვა თუ არ გვინდა – ნიღბის ტარება, ხელების ხშირად დაბანა და დისტანცირება – ეს საკუთარი თავის დაზღვევის და ახლობლების გადარჩენის აუცილებელი და არც ისე რთული ზომაა.

,,გადაზღვევა ვახსენე და ნამდვილად გადაზღვევა იყო ამდენ ხანს მსუბუქი შემთხვევების სტაციონარებში მართვა, თუმცა იმ პირობებში, როცა სასწრაფო დახმარების, ცხელების ცენტრების და პირველადი ჯანდაცვის სისტემის სათანადო გამოცდილება ჯერ კიდევ არ იყო – შეიძლება, ასე ჯობდა. ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის მიმართ, ერთი მხრივ, ფსიქოლოგიური დახმარების ონლაინ რესურსების ხელშეწყობა, დახვეწა და ხელმისაწვდომობა, რაშიც სპეციალისტების გარდა მედია და სოციალური ქსელები ასევე უნდა მონაწილეობდნენ. სოციალური პასუხისმგებლობა ისევ უნდა ამაღლდეს, რათა მარტო ეპიდემიოლოგების და ექიმების იმედად არ ვიყოთ, და რომ მასობრივი წვეულებების, ქორწილების და ქელეხების „ერთგულება“ – უმოკლესი გზა შეიძლება იყოს საავადმყოფოსაკენ”,- განაცხადა ზვიად კირტავამ.

Facebook Comments

ახალი დადებული