რაგბის კავშირში სროლის შედეგად, მორაგბე დაშავდა

რაგბის კავშირში სროლა იყო. დაჭრილია ერთი ადამიანი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განახორციელა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მორაგბე.

დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განუცხადა, მათ ცენტრში 32 წლის მამაკაცი 13:25 საათზე შეიყვანეს, რომელსაც ჭრილობა მარცხენა წვივის არეში ჰქონდა მიყენებული.

“პაციენტს ემერჯენსის განყოფილებაში სრული დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. პაციენტი გადაყვანილია საოპერაციოში, მიმდინარეობს მცირე ქირურგიული ჩარევა, ჭრილობის რევიზია და ჭრილობიდან უცხო სხეულის ამოღება”, – განაცხადა ნათია ნუცუბიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული