თენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს ტელედებატებში იწვევს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს ტელედებატებში იწვევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფექციური საავადმყოფო ცერცაძის საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მიზეზი 12 სექტემბერს გიორგი კანდელაკის მიერ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული მორიგი პოსტია

„12 სექტემბერს ცნობილმა ექიმმა ბატონმა გიორგი კანდელაკმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა მორიგი პოსტი COVID-19-ის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, სადაც იგი ნეგატიურად აფასებს ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკასდა ღონისძიებებს, რის შედეგადაც მისი სიტყვებით „ხელოვნურად შეიქმნა არასწორი მოლოდინები და დასახული იყო შეუსრულებელი ამოცანები “ – თითქოს „სწორი“ და „ქმედითი“ ღონისიძიებებით შესაძლებელია ავიცილოთ თავიდან ეპიდემია და ა.შ. რამაც საბოლოოდ ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა.

ბ-ნი გიორგი უსიმპტომო პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით ღია კორუფციის შესაძლებლობასაც კი არ გამორიცხავს.

ბატონი გიორგი ძალიან კარგი ექიმია. მე მას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ როგორც იტყვიან „Amicus Plato sed magis amica veritas“ – პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია. გიორგის შეფასებები და რეკომენდაციები კი მიმაჩნია, რომ ძალიან შორს არის ჭეშმარიტებიდან და ტენდენციურია, უფრო მეტიც – ისინი გარკვეულწილად საფრთხის შემცველია, რამეთუ შესაძლოა გამოიწვიოს მოსახლეობაში ნიჰილიზმი, უნდობლობა და იმის განცდა, რომ ისინი სახელმწიფომ თავისი არასწორი ქმედებებით დარტყმის ქვეშ დააყენა.

ამიტომ მე მინდა ვთხოვო ბატონ გიორგის შევხვდეთ ტელედებატებში, რათა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას – ექიმების და სახელისუფლებლო ვერტიკალის მიერ COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გატარებული საპასუხო ღონისძიებები სინამდვილეში იყო სწორი და წარმატებული (როგორც ამას მთელი მსოფლიო თვლის), თუ ეს იყო სერიოზული შეცდომა მძიმე შედეგებით (როგორც ამას ბ-ნი გიორგი თვლის).

ამას ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს იმის გადასაწყვეტად, სწორი გზით მიდის, თუ არა ქვეყანა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, – აღნიშნულია ცერცვაძის განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული